მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ვითარების შეფასებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ივანიშვილის გავლენა - ბრიტანელი მინისტრი

 და­უ­თი

ბრიტანელმა პარლამენტარმა ლიბერალ-დემოკრატთა პარტიიდან, ჯეიმს მაკკლირმა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთის საქართველოსთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა . მაკკლირი დაინტერესდა - რა საპასუხო ზომების მიღებას ფიქრობს დიდი ბრიტანეთის მთავრობა საქართველოში ოპოზიციური პარტიის ლიდერების დაკავებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, დეპუტატმა მინისტრს ჰკითხა როგორ აფასებს ოპოზიციური პარტიის ლიდერების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის პატიმრობას და რა უთხრა მათ დაკავებაზე ქართველ კოლეგებს.

სტი­ვენ და­უ­თის პირველი ივლისით დათარიღებულ წერილში ნათქვამია, რომ შეშფოთებულია ოპოზიციური ლიდერების დაკავებით და საქართველოს არადემოკრატიული ტრაექტორიით, თუმცა სანქციებთან დაკავშირებით წინასწარ ვერ ისაუბრებს.

"სერიოზულად ვართ შეშფოთებული ქართველი ოპოზიციური ლიდერების მათ შორის ბატონი ჯაფარიძის, ხაზარაძის და ვაშაძის დაკავებით. ეს არის აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული, რომლის მიზანიც დაიბლოკოს ოპოზიცია მომავალ არჩევნებში. 23 ივნისს მოვუწოდე "ქართულ ოცნებას" დაასრულონ სასამართლოს ბოროტად გამოყენება და გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი. საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) 30 ივნისს დაიბარა საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, რათა დაეფიქსირებინა მტკიცე პოზიცია ქვეყანაში მზარდ, დამაზიანებელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით. ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით გაუარესებული ვითარების და პირველ ივლისს ვესაუბრე ზოგიერთ ჩვენს ევროპელ პარტნიორს, რათა განგვეხილა ჩვენი საერთო შეშფოთება.

მუდმივად გამოვხატავ ჩემს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიულ ტრაექტორიაზე, რაც ბრიტანეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. არსებული ვითარების შეფასებისას ასევე უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული ბატონი ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე. დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ურყევი რჩება და მზად ვართ, ხელი დავეხმაროთ ქვეყანას ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიულ ნორმებისკენ დაბრუნებაში.

ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ან სპეკულაციას სამომავლო სანქციებთან დაკავშირებით, რადგან ამან შესაძლოა შეამციროს მათი ეფექტურობა", - წერია მინისტრის წერილში.

პირველ ივლისს საფრანგეთის ევროპის საკითხების მინისტრის, ბენჟამენ ჰადადმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ავტორიტარულ პოლიტიკაზე პარტნიორ სახელმწიფოებს შორის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ინიციატორი სწორედ სტივენ დაუთი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები