პირველი სრულად ქართული ნედლეულით წარმოებული დინამიკის გაყიდვა უახლოეს პერიოდში დაიწყება. საუბარია სტარტაპ Atoms Audio-ს ხუთ პროდუქტზე, რომელთა შორის სამი პროფესიონალური, ფონური გახმოვანებისთვის განკუთვნილი, ხოლო ორი სამომხმარებლო ბლუთუზ დინამიკი იქნება.
სტარტაპის დამფუძნებელი დათო პილპილაშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ საწყისად Atoms Audio-ს დინამიკები სტარტაპის სოციალურ პლატფორმებზე გაიყიდება, დილერებთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კი პირველ ქართულ დინამიკს სხვადასხვა კომპანიაც გაყიდის.
რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, სტარტაპის დამფუძნებლის განმარტებით, Atoms Audio-ს ხუთი დინამიკის ფასი 150 ლარიდან 500 ლარის ფარგლებში იქნება.
„მიმდინარე წლის ოქტომბერში პროდუქციის პრეზენტაცია გვექნება, რის შემდეგადაც გაყიდვებს დავიწყებთ. მოლაპარაკებები დილერებთან დაწყებული გვაქვს, მათი მხრიდან დიდი ინტერესია. საწყისად ხუთი, სამი პროფესიონალური, ფონური გახმოვანებისთვის განკუთვნილი, ორი კი სამომხმარებლო ბლუთუზ დინამიკი გვექნება.
ველოდებოდით დანადგარს, მაგნიტის დამუშავებისთვის, რომელიც ჩამოგვივიდა. ახლა ყველა დანადგარი მწყობრშია და კომპონენტებს აქტიურად ვამზადებთ, რათა წარმოებისთვის საკმარისი რაოდენობა გვქონდეს. Atoms Audio-ს ბაზარზე საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასი ექნება. დინამიკების ღირებულება 150 ლარიდან 500 ლარის ფარგლებში იქნება“, - ამბობს Atoms Audio-ს დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ სტარტაპს საექსპორტო გეგმებიც აქვს. დათო პილპილაშვილის თქმით, ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ, საერთაშორისო ბაზრებზეც გავლენ.
„ექსპორტის მიმართულებით არის დაინტერესება. დუბაიში სავაჭრო პარტნიორი გვყავს, მაგრამ ვცდილობთ, რომ რაოდენობის კუთხით არ შეგვექმნას პრობლემები, ამიტომ ჯერ აქ გავტესტავთ და წლის ბოლომდე უკვე ექსპორტზეც ვიფიქრებთ“ - აღნიშნავს სტრატაპერი.