ამერიკული სწრაფი კვების ქსელ Wendy's საქართველოში "ვ-ჯეო რესტორნები" წარმოადგენს, რომელიც დღეისთვის ქვეყანაში 18 რესტორნით ოპერირებს. კომპანია ბიზნესმენების სოსო და ლევან ფხაკაძის ჯგუფის შემადგენლობაშია.
კომპანია "ვ-ჯეო რესტორნები" საკუთარ ფინანსურ შედეგებს საჯაროდ აქვეყნებს. ამჟამად კომპანიის მიერ Reportal.ge-ზე წარდგენილია 2024 წლის ფინანსური ანგარიშგება. დოკუმენტის თანახმად პერიოდის განმავლობაში Wendy's-მა, ანუ "ვ-ჯეო რესტორნებმა" 2024 წელს შემოსავლები გააორმაგა და ის 79 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთან კომპანიის მოგება 3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
კომპანია 782 ადამიანს ასაქმებს, რომელთა ანაზღაურებაზეც "ვენდისმა" 13.4 მილიონი ლარი დახარჯა. ამასთან, კომპანიის პროდუქტების და მარაგების შესყიდვის ხარჯი 33.7 მილიონი ლარი იყო, საიჯარო ხარჯები 6.1 მილიონ ლარს შეადგენდა, ცვეთის ხარჯები 2.4 მილიონი ლარი იყო, სხვა ხარჯები კი 12.5 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთან, კომპანიას 4.3 მილიონი ლარის ფინანსური ხარჯები ჰქონდა.
ამასთან, "ვენდისის" აქტივების ზომა 46 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი 42 მილიონ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება Wendy's-ის კონკურენტებს - ბაზრის უმსხვილესი მოთამაშის "მაკდონალდს საქართველოს" შემოსავალი 2024 წელს 16.7%-ით გაიზარდა და მან 283 მილიონი ლარი შეადგინა. მისი წმინდა მოგება კი 31 მილიონი ლარი იყო.
საქართველოში KFC-ის რესტორნების ქსელის შემოსავალმა კი 2024 წელს 72 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კომპანიას მოგების ნაცვლად, 2024 წელს 3.6 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა.




























