მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყვავილების ბიზნესი მეტწილად იმპორტზეა დამოკიდებული - რეალიზატორები

640719968490c
ნანუკა ნარიმანიძე
08.03.23 10:00
1415
საქართველოში ყვავილების ბიზნესი, ფაქტობრივად, სრულად იმპორტზეა დამოკიდებული. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადგილობრივ ბაზარზე ყვავილების ხარისხი, რაოდენობა და მოწოდების სიხშირეა, რის შესახებაც ყვავილების ბიზნესში არსებული სხვადასხვა ბრენდის წარმომადგენლები Bm.ge-თან ინტერვიუში საუბრობენ.

„სამწუხაროდ, საქართველოში ფერმერული ყვავილების ინდუსტრია ნაკლებადაა განვითარებული, რის გამოც ყვავილების შემოტანა გვიწევს. ვცდილობთ, ადგილობრივ ფერმერებთანაც ვითანამშრომლოთ, მაგრამ ეს ყოველთვის დამოკიდებულია სეზონზე, მხოლოდ გაზაფხული/ზაფხულის პერიოდშია ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებული ყვავილების შეძენა შესაძლებელი, შესაბამისად, მხოლოდ ამ პერიოდში ვიყენებთ ლოკალურ ყვავილებს, სხვა შემთხვევაში სრულად იმპორტზე ვართ დამოკიდებული“, - განმარტავს ყვავილების მაღაზია Lovely Roses-ის PR-მენეჯერი, მარიამ დონგუზაშვილი.

„ჩვენ სრულად იმპორტზე ვართ დამოკიდებული და ადგილობრივ ბაზარზე წარმოებულ ყვავილებს ვერ ვიყენებთ, რადგან ხარისხს ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს. არ გვაქვს ინფორმაცია ადგილობრივ ბაზარზე, ვინაიდან სრულად იმპორტზე ვართ დამოკიდებულები. იმის მიუხედავად რომ ხშირადაა პრობლემა და ხარვეზები იმპორტზე, მაინც გვირჩევნია ადგილობრივ ბაზარს. ყვავილები შემოგვაქვს ეკვადორიდან, კენიიდან და ჰოლანდიიდან“, - აღნიშნა Mao Flowers-ის დამფუძნებელმა, მაკუნა გაბუნიამ.

ამასთან, როგორც კიდევ ერთი ყვავილების რეალიზატორის „ამელის“ თანადამფუძნებელი, ნუკა ჩოხელი აღნიშნავს, საქართველოში მრავალფეროვანი ყვავილები არ იწარმოება.

„ბევრად უფრო მოხარული ვიქნებოდით, თუ იმპორტის პარალელურად საქართველოში ადგილობრივი წარმოება გაიზრდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, გვიჭირს ადგილობრივ ფერმერებთან მუდმივი თანამშრომლობა, რადგან პროდუქციის მოწოდების სიხშირე არ არის მდგრადი, თუ კი გარანტირებულად იცი, რომ ნიდერლანდებიდან, კენიიდან და ეკვადორიდან შემოტანილი პროდუქცია კვირის კონკრეტულ დღეს გექნება, ადგილობრივი ფერმერების შემთხვევაში ეს ასე არ არის, ამ ყველაფერს ემატება ის ფაქტიც, რომ საქართველოში ფიზიკურად არ არის იმ სახეობის ყვავილები, რომლებიც ჩვენ გვჭირდება”, - განმარტა მან.

ცნობისთვის, 2022 წელს საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობის ყვავილი შემოვიდა. საერთო ჯამში ქვეყანაში 1 203 ტონა ყვავილები და მათი კოკრებია შემოსული. იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს სომხეთი, საიდანაც გასულ წელს, 432 ტონა ყვავილი შევიძინეთ, რეიტინგის ხუთეულში კი, დარჩენილ ადგილებს ეკვადორი, ნიდერლანდები, თურქეთი და კენია ინაწილებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები