მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ზეთისხილის სახელმწიფო და კომერციული სანერგე მეურნეობები შეიქმნება

61a0cded47280
ვიქტორია მღებრიშვილი
26.11.21 16:40
855
საქართველოში ზეთისხილის სახელმწიფო და კომერციული სანერგე მეურნეობები შეიქმნება - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ზეთისხილის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ღონისძიებაზე დასწრებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, სანერგე მეურნეობების შექმნის შესახებ შეთანხმება სახელმწიფოსა და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს შორის შედგა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სანერგე მეურნეობის შექმნა ზეთისხილის პლანტაციების გაშენების დაჩქარებას და შემდგომ საბოლოო საექსპორტო პროდუქტის წარმოებას ისახავს მიზნად.

„შევთანხმდით, რომ საქართველოში მოხდება ზეთისხილის სანერგეს დაარსება, იმისთვის რომ ზეთისხილის პლანტაციების გაშენება დავაჩქაროთ და მეორე მხრივ, ადგილობრივად წარმოებული ზეთისხილის ნერგები გამოვიყენოთ, ეს იმპორტის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, ჩვენ შევქმნით ზეთისხილის საცდელ მეურნეობას, რომ დავაკვირდეთ სხვადასხვა ჯიშს, როგორ მოქმედებს ამა თუ იმ კლიმატში და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორია ავითვისოთ. ზეთისხილი დღეს ძირითადად კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებშია გაშენებული.

შევთანხმდით, რომ სახელმწიფო ლაბორატორიაში მოხდება დამატებითი კვლევების დანერგვა და მათი აკრედიტაცია, რათა წარმოებული პროდუქტის ხარისხის კონტროლი განვახორციელოთ. დღეს საქართველოში მხოლოდ ერთი გადამამუშავებელი ქარხანაა, მაგრამ მომავალში, წარმოების გაზრდასთან ერთად, საქართველო მზად არის თანადაფინანსებით ხელი შეუწყოს დამატებითი საწარმოების შექმნას, ამ მხრივ ბიზნესის დაინტერესება ძალიან დიდია. ეს ეხება როგორც პირველად წარმოებას, ასევე გადამუშავებას, თუმცა ყველაზე საინტერესო უკვე სავაჭრო კუთხით თანამშრომლობაა. საქართველოს ლიბერალური სავაჭრო რეჟიმები ბევრ ქვეყანასთან გააჩნია, რაც კარგია ზეთისხილის როგორც ბრენდინგისთვის, ასევე საქართველოში მოხდეს კუპაჟირება და სხვადასხვა ქვეყანაში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით საქართველოში ჩამოსული ზეთისხილის ექსპორტი.

ორი სანერგე მეურნეობა იქნება: ერთი - სახელმწიფოსთან არსებული, ჩვენი სამინისტროს ფარგლებში და მეორე - კომერციული სანერგე, სადაც ქართველი ინვესტორები ზეთისხილის კულტურით დაინტერესებული წარმოებაში ჩართული ბიზნესი მიიღებს მონაწილეობას. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო გამოცდილი საერთაშორისო პარტნიორების მოძიებაში დაეხმარება, რომ კვალიფიციური სანერგე იყოს, სერტიფიცირებული და ზეთისხილის პლანტაციების გასაშენებლად სანდო ნერგი არსებობდეს", - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ექსპერტული მუშაობა დარგის მოთამაშეებს შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას შესძენს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში გაერთიანდა და ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყნების ოჯახში შევიდა, რადგან ეს არის კულტურა, რომელსაც საქართველოსთვის ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. სექტორი კომპლექსურია და მას სჭირდება სათანადო ცოდნა და კვალიფიკაცია. სწორედ ამ კვალიფიკაციას და ცოდნის მიღებას ველოდებით ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოდან. ეს ექსპერტული ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს", - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები