მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„საქართველოსთვის ჩამოსული ჩინელი მოგზაური, მე პირადად არ შემხვედრია“ - გიდი

ჩინელი ტურისტები

„მხოლოდ საქართველოსთვის ჩამოსული ჩინელი მოგზაური, მე პირადად არ შემხვედრია“, - ამის შესახებ BM.GE-სთან გიდი და სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი, ელზა ბებია ტურისტული სეზონის შეფასებისას საუბრობს.

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს ტურისტულ ჯავშნებზე, განსაკუთრებით ევროპულ ჯავშნებზე. შედეგად, ზაფხული - შემოდგომის სეზონზე ტურისტები ძირითადად აღმოსავლური ქვეყნებიდან ჭარბობდნენ. განსაკუთრებით ჩინეთიდან და კორეიდან.

„ჩემ მაგალითზე, მე ჩინურ ენოვანი გიდი ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ [ზაფხული-შემოდგომის სეზონზე] ფაქტობრივად არ დამისვენია. ტურისტების დიდი ნაწილი იყო აღმოსავლეთიდან კერძოდ, ჩინეთიდან, კორეიდან და იაპონიიდან. შედეგები თითქმის 2019 წლის მონაცემებს გაუტოლდა. ამას უვიზო მიმოსვლას ვერ დავაბრალებ, რადგან ძირითადად აღმოსავლეთიდან, ანუ ჩინეთიდან და კორეიდან ვინც ჩამოდის სამ ქვეყანას ნახულობს. ეს არის საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ანუ, რეგიონის ქვეყნებს ათვალიერებენ. მხოლოდ საქართველოსთვის ჩამოსული ჩინელი მოგზაური, მე პირადად არ შემხვედრია.

თუმცა ახლა მაგალითად, ნოემბერში ჩვენ ჩინური ჯავშნები, პრაქტიკულად არ გვაქვს, რადგან აზერბაიჯანიდან შემომსვლელი მომხმარებლები ქვეყანაში ვერ გადმოდიან, რაღაც შეფერხების გამო. ამ დრომდე, ნოემბერში არ მახსენდება, რომ ჯავშნები არ გვქონოდეს. დეკემბერში კომპანიები გვეუბნებიან, რომ ისევ განახლდება დატვირთვა. გასულ წელს მახსოვს, რომ ახალ წელსაც კი გვქონდა ტურები. წელს იგივე სიტუაცია არ გვაქვს. ქვეყანაში მიმდინარე სიტუაცია ჯავშნებზე პირდაპირ გავლენას ახდენს და ჯავშნები პანტაპუნტით უქმდება “, - განაცხადა გიდმა.

ელზა ბებიას თქმით, ზამთრის სეზონის შეფასება ჯერ კიდევ ადრეა და მინიმუმ 1 თვე მაინცაა საჭირო, რომ ტენდენცია გამოიკვეთოს, თუმცა აღნიშნავს, რომ საოცარი სეზონის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

რაც შეეხება ევროპას, ქვეყანაში შემცირებული ვიზიტორები ევროპული ქვეყნებიდან, უკვე თვალშისაცემია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები