მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსთვის მზესუმზირის ზეთის მთავარი მომწოდებელი რუსეთია - იმპორტი გაიზარდა

მზესუმზირის ზეთი

საქართველოში მზესუმზირის ზეთის იმპორტი მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 6 თვეში ქვეყანამ 20.4 მილიონი დოლარის ღირებულების 20 539 ტონა პროდუქტი იყიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს როგორც რაოდენობრივად, ისე ღირებულებით აჭარბებს.

კერძოდ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც 19.7 მილიონი დოლარის 16 632 ტონა ზეთი შემოვიდა, ღირებულება 3.6%-ით, რაოდენობა კი 23.5%-ით გაიზარდა, რაც მიანიშნებს, რომ წელს ქვეყანას იმპორტი გაუიაფდა. საგულისხმოა, რომ ეს ინფლაციის მაჩვენებელშიც აისახა და წელს მზესუმზირის ზეთის ფასი კლების ტენდენციით ხასიათდება. სამომხმარებლო ფასების სტატისტიკის თანახმად, ივნისში პროდუქტი წლიურად 14%-ით გაიაფდა.

რაც შეეხება ძირითად საიმპორტო პარტნიორებს, მზესუმზირის ზეთის მთავარი მომწოდებელი რუსეთია, რომელზედაც, 6 თვის მონაცემებით, მთლიანი იმპორტის 88% მოდის.

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც იანვარ-ივნისში ზეთი შემოვიდა შემდეგია:

  • რუსეთი - 17.2 მლნ დოლარი, 18 022 ტონა;
  • უკრაინა - 2.4 მლნ დოლარი, 1 939 ტონა;
  • აზერბაიჯანი - 634.1 ათასი დოლარი, 482 ტონა;
  • უნგრეთი - 108.9 ათასი დოლარი, 59 ტონა;
  • თურქეთი - 42 ათასი დოლარი, 29 ტონა.

შედარებით მცირე მოცულობით, მზესუმზირის ზეთი ასევე შემოდის: იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და საბერძნეთიდან.

საპირისპიროდ, შემცირებულია ზეთის ექსპორტი. 2024 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოდან 13 ათასი დოლარის ღირებულების 4.03 ტონა ზეთი გავიდა, მაშინ როდესაც, გასულ წელს 783 ათას დოლარზე მეტი ღირებულების 623 ტონა ზეთი გაიყიდა.

6 თვის მონაცემებით, მთავარი საექსპორტო ბაზარი აშშ-ია. ქართული მზესუმზირის ზეთი შემდეგ ქვეყნებში იყიდება:

  • აშშ - 6 120 დოლარი, 2.16 ტონა;
  • რუსეთი - 3 670 დოლარი, 0.99 ტონა;
  • ჩეხეთი - 2 150 დოლარი, 0.57 ტონა;
  • გერმანია - 1 150 დოლარი, 0.31 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები