საქართველოსთვის ტკბილი გაზიანი სასმელების სავაჭრო ბაზარი რუსეთია. ამის შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან დგინდება.
ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველომ $43,9 მლნ-ის ღირებულების 42,325 ტონა ტკბილი გაზიანი სასმელი ექსპორტზე გაიტანა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.5%-ით ნაკლებია, როდესაც ქვეყანამ $35,7 მლნ-ის 43,877 ტონა პროდუქცია გაყიდა.
მიუხედავად იმისა, რომ მოცულობით ექსპორტი შემცირდა, ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულება 22.7%-ით არის გაზრდილი, რაც ქართული ტკბილი გაზიანი სასმელის ფასის ზრდაზე მიუთითებს.
საქართველოსთვის ტკბილ გაზიან სასმელებში წამყვანი საექსპორტო ბაზარი კვლავაც რუსეთია, სადაც ქვეყანამ მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში $12,8 მლნ-ის ღირებულების 14,890 ტონა სასმელი გაყიდა. თუმცა, გასულ წელთან შედარებით, რუსეთში ექსპორტი 35.7%-ით არის შემცირებული. რუსეთს ტკბილი გაზიანი სასმელების ექსპორტში 35.1%-იანი წილი უკავია.
საქართველოს ტკბილი გაზიანი სასმელების საექსპორტო ბაზრების TOP 10:
- რუსეთი – $12.8 მლნ, 14,890 ტონა;
- აზერბაიჯანი – $9.8 მლნ, 7,649 ტონა;
- ყაზახეთი – $6.9 მლნ, 6,857 ტონა;
- სომხეთი – $3.4 მლნ, 3,488 ტონა;
- უზბეკეთი – $3.5 მლნ, 2,467 ტონა;
- უკრაინა – $1 მლნ, 1,133 ტონა;
- ყირგიზეთი – $1.4 მლნ, 989 ტონა;
- ლიეტუვა – $649 ათასი, 684 ტონა;
- ისრაელი – $496 ათასი, 624 ტონა;
- ბელარუსი – $1 მლნ, 619 ტონა.
რაც შეეხება იმპორტს, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 6,627 ტონა ტკბილი გაზიანი სასმელი შეიძინა, რაც თითქმის იდენტურია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (6,632 ტონა). თუმცა გადახდილი თანხა 11.3%-ით შემცირდა და $6,8 მლნ შეადგინა, მაშინ როცა 2024 წელს ამავე პროდუქტის იმპორტზე $7,7 მლნ დაიხარჯა.
იმპორტის მონაცემების მიხედვით, 0.07%-იანი შემცირება ფიქსირდება მოცულობაში, რაც მინიმალურ კლებაზე მიანიშნებს, თუმცა ფასობრივი კლების ტენდენცია თვალსაჩინოა.
საქართველოს ტკბილი გაზიანი სასმელების იმპორტიორი ქვეყნების TOP 5 შემდეგია:
- რუსეთი – $1.4 მლნ, 1,709 ტონა;
- თურქეთი – $891 ათასი, 1,093 ტონა;
- პოლონეთი – $830 ათასი, 736 ტონა;
- უნგრეთი – $680 ათასი, 593 ტონა;
- აზერბაიჯანი – $234 ათასი, 289 ტონა.




























