მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოზე ევროკომისიის ანგარიში ბიზნესის მოლოდინებზე დადებითად ვერ აისახება - მღებრიშვილი

გელა მღებრიშვილი

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორის გელა მღებრიშვილის აზრით, საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიში ბიზნესის მოლოდინებზე დადებითად ვერ აისახება.

ამის შესახებ Nexia Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ევროინტეგრაციას ალტერნატივას არ აქვს.

რას მოუტანს ბიზნესს საქართველოს ევროკავშირის წევრობა? - გელა მღებრიშვილის მოსაზრება

"ბიზნესი ყოველთვის ხელმძღვანელობს მოლოდინებით. მოლოდინი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზე დაყრდნობითაც ბიზნესი გადაწყვეტილებას იღებს. საქართველოს შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში ბიზნესში მოლოდინებზე დადებითად ვერ აისახება, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, თუნდაც მხოლოდ არჩევნების პერიოდი, ბიზნესში ერთგვარ დაპაუზებას და გადაწყვეტილებების მიღების გადავადებას იწვევს.

მინდა მჯეროდეს, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით წავალთ. არ მინდა, ბიზნესში შეიქმნას ნიჰილიზმი, რაც მერე მის გადაწყვეტილებებზე იმოქმედებს...

ძნელია, წინასწარ იწინასწარმეტყველო, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ იმის რისკი, რომ თუნდაც პირდაპირი ინვესტიციები შემცირდება, ალბათ, არის; ამიტომ იმედს ვიტოვებ, პოლიტიკური კრიზისი მალე გადაილახება და ევროინტეგრაციის პროცესი განახლდება, რადგან ძალიან ბევრი მცირე მეწარმე და არა მარტო - მსხვილებიც იყურებიან დასავლეთისკენ. ბიზნესის მიზანი მოგების მაქსიმიზაციაა და ამის მიღწევა, მხოლოდ ფინანსური რესურსების გაიაფებასა და ოპტიმიზაციაშია, რასაც ისევ და ისევე უზრუნველყოფს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია, რასაც მოჰყვება თავისი სიკეთეები“, - განაცხადა გელა მღებრიშვილმა.

Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორის თქმითვე, Nexia Georgia-ს კლიენტებშიც „იგრძნობა მოლოდინის რეჟიმი“.

„მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი ყოველთვის ცდილობს მოერგოს კონკრეტულ გარემოს, მოლოდინი აქვთ, რომ სიტუაცია დასტაბილურდება და საქართველო მოახერხებს ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებას“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები