მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოუტანს ბიზნესს საქართველოს ევროკავშირის წევრობა? - გელა მღებრიშვილის მოსაზრება

გელა მღებრიშვილი

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორის გელა მღებრიშვილის აზრით, საქართველოს ევროინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.

BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში გელა მღებრიშვილმა იმ ბენეფიტებზე ისაუბრა, რასაც ბიზნესს და ზოგადად, ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება მოუტანს:

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - FDI-ის გარეშე ვერ წარმომიდგენია ქართული ეკონომიკის აქტიური ზრდა. ჩვენ რომ მივაღწიოთ საშუალო ევროპული ზომის ეკონომიკას, უწყვეტად და მინიმუმ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვჭირდება. მჯერა, ერთ-ერთი ბენეფიტი, რასაც ქვეყნის ევროინტეგრაცია მოიტანს, იქნება ფულადი რესურსების გაიაფება - მოგეხსენებათ, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ძალიან უჭირს ბიზნესს, რადგან საქართველოში ფულადი რესურსი ძალიან ძვირია. ამდენად, ევროინტეგრაცია გააუმჯობესებს ქვეყნის იმიჯს, რაც სუვერენული რისკ-პრემიის დონეს შეამცირებს, ეს კი აისახება საკრედიტო რესურსების გაიაფებაზე და ასევე, სტაბილური ქვეყნის იმიჯი მოიტანს მეტ უცხოურ ინვესტიციას.

ტექნოლოგიების და ცოდნის იმპორტი - ეს არის ის, რაც ქართულ ბიზნესს ახალ პულსს და განვითარებას მისცემს, ამიტომ ევროინტეგრაციის პროცესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეჩერდეს. ევროინტეგრაცია ბიზნესს აუცილებლად მოუტანს ზრდას. მე მჯერა, ევროპულ გზაზე სვლით ევროკავშირიდან მეტი ცოდნის და გამოცდილების შემოტანის დაჩქარება შეიძლება.

მცირე ბიზნესის გაძლიერება - ევროინტეგრაცია ქართული მცირე ბიზნესის გაძლიერებისთვის ყველაზე კრიტიკულია. რატომ? ეს არის ის სეგმენტი, რომელზედაც მთელი ევროპის ეკონომიკა დგას. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ის ქვეყანა, სადაც მცირე ბიზნესია ძლიერი, წინ არის... ჩვენთან ზუსტად ეს პრობლემა არის - ეკონომიკის ზრდის ძირითადი მაგენერირებელი თუ ბიუჯეტის შემოსავლების მთავარი წყარო არის მსხვილი ბიზნესი და თითქოს ეს არის ერთგვარი წყვეტა. ამდენად, ამ მიმართულებით ევროკავშირში დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გელა მღებრიშვილმა.

„წერტილთან“ ინტერვიუში Nexia Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა „ევროკავშირის ბიუროკრატიის“ შესახებ არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზეც ისაუბრა.

„ბიუროკრატიული მექანიზმები ნამდვილად არის ევროკავშირში და ამის უარყოფა არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ხომ უნდა გავაანალიზოთ, რა დევს სასწორის ერთ მხარეს და რა - მეორე მხარეს. რა სჯობს - მქონდეს 100 000 ლარის შემოსავალი და 10%-იანი ზრდა თუ 1 მლნ და 2%-იანი ზრდა?! ალბათ ასე უნდა შევხედოთ ამ საკითხს“, - აღნიშნა მან და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროინტეგრაციის მნიშვნელობას ქვეყნის სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები