საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორის გელა მღებრიშვილის აზრით, სასამართლო სისტემის რეფორმა და ევროინტეგრაცია ის ორი მთავარი ფაქტორია, რაც საქართველოს საინვესტიციო კლიმატის მიმზიდველობას გაზრდის და შესაბამისად, მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას შეუწყობს ხელს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.
"ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ევროინტეგრაცია ხომ არ მოგვცემს უფრო მეტი ზრდის საშუალებას, ამაზეა საუბარი... იმედს ვიტოვებ, ეკონომიკის ზრდის არსებული ნიშნული შენარჩუნდება და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ორნიშნა ზრდა“, - ამბობს გელა მღებრიშვილი.
რაც შეეხება სასამართლო სისტემის რეფორმას, Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორის აზრით, დამოუკიდებელი სასამართლო საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას ბიზნესის სითამამეს გაზრდის.
"მე რომ სადღაც ახალ ქვეყანაში შევდიოდე, პირველ რიგში, ვიკითხავ - ჩემი ინვესტიცია არის თუ არა დაცული. ეს არის საკვანძო მომენტი. დამოუკიდებელი სასამართლო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბიზნესს უნდა ჰქონდეს შეგრძნება, რომ მისი ინტერესები იქნება დაცული კერძო თუ სახელმწიფოსთან დავაში “, - აღნიშნა მან.
"წერტილთან“ ინტერვიუში გელა მღებრიშვილმა ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს რეფორმაზეც ისაუბრა, რომელიც ვერ დასრულდა, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ დავების განხილვის ვადების პროცესში პროგრესი არის და უფრო დიდ პრობლემას სასამართლოში დავების გაჭიანურება ქმნის.
ამასთან, Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორის შეფასებით, პრობლემას წარმოადგენს მოსამართლეების კომპეტენციაც.
„ვერ ვიტყვი, რომ სხვა დავები არ იწელება სასამართლოში, მაგრამ სასამართლო პროცესების დროში გაჭიანურება ბიზნესს ძალიან აფერხებს. სასამართლო ეტაპზე დავები ხშირად 2-3 წელი ისე იწელება... პრობლემაა მოსამართლეების კვალიფიკაციაც, რაშიც ვერც მოსამართლეებს ვადანაშაულებ... არის ევროპული პრაქტიკა - იტალიაში, ავსტრიაში საგადასახადო და ფინანსური დავებს სპეციალიზებული მოსამართლეები განიხილავენ. მსგავსი რეფორმა აუცილებლად გასაკეთებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფოს ინტერესშიც შედის დავების სწრაფად განხილვა. მაგალითად, თუ ფინანსთა სამინისტრომ გადასახადის გადამხდელს დავა მოუგო საქალაქო სასამართლოში, მან შეიძლება, მეორე ინსტანციაში მაინც გააგრძელოს დავა დროის მოგების მიზნით, რაც ბიუჯეტის შემოსავლებისთვის არის პრობლემა. ამდენად, ყველას ინტერესშია ამ საკითხის მოწესრიგება“, - ამბობს გელა მღებრიშვილი, მაგრამ არ აქვს პასუხი კითხვაზე, რატომ ვერ მოგვარდა პრობლემა ბევრი წლის განმავლობაში.
„{ამ მიმართულებით რეფორმა} ნოდარ ხადურის დროს იყო დაანონსებული, რომ უნდა დაწყებულიყო“, - დასძინა მან.