მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინვესტიციების მოზიდვა ძალიან გართულდება" - როგორ დაგვაზიანებს საგარეო კურსის შეცვლა?

ნიკა გამყრელიძე

ბიზნესმენ ნიკა გამყრელიძის განცხადებით, დასავლეთისგან იზოლაცია საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ეკონომიკაზე გავლენის შეფასებისას განაცხადა. „ქართულ კომპანიაში ისე არ ჩადებს უცხოელი ინვესტორი ფულს, თუ ქვეყანას არ ენდო, ამიტომ პირველ რიგში, ქვეყნის მარკეტინგს ვაკეთებდით... დასავლეთიდან ინვესტიციების მოზიდვა ძალიან გართულდება“ - ამბობს ბიზნესმენი.

- ნიკა, ბევრი წელია ბიზნესში ხართ, არაერთი კრიზისი გაუვლია ჩვენ ქვეყანას, მაგრამ რით არის განსხვავებული დღეს არსებული ვითარება და რა რისკებს უქმნის ეკონომიკას?

- კრიზისი, რომელიც ახლაა ქვეყანაში, რადიკალურად განსხვავებულია... ერთი ისტორია მინდა გავიხსენო - 3-4 წლის წინ, ლონდონში ვიყავი „როუდ შოუზე“; ერთ-ერთი დიდი საინვესტიციო ფონდის მენეჯმენტს ვხვდებოდი, რომელიც იმ პერიოდში, ლონდონის ბირჟაზე დალისტული საქართველოს ოთხივე კომპანიის აქციონერი იყო და მათ შორის იმ კომპანიის, [საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი] რომელსაც ვმართავდი. ამ ადამიანებს ძალიან უყვარდათ საქართველო, ფონდის მენეჯერი საქართველოშიც ბევრჯერ იყო ნამყოფი... შეხვედრა რომ დავიწყეთ, ამ ადამიანმა პირველი, რაც მითხრა იყო ის, რომ „სამწუხაროდ, ჩვენი რისკების დეპარტამენტმა თქვენი ქვეყანა რუსეთის და ყაზახეთის საინვესტიციო კალათაში გადაიყვანო“. მარტივ ენაზე რომ ვთქვა, ეს იმას ნიშნავდა, რომ საქართველოში ინვესტირების რისკი გაზრდილია. შესაბამისად, ასეთ ქვეყანაში რომ ფული ჩადო, გაცილებით დიდი უკუგების მოლოდინი უნდა გქონდეს ან საერთოდ არ ჩადებ და ეს გამოიწვევს ინვესტიციების კლებას. ბუნებრივია, ჩემთვის ძალიან მიუღებელი იყო ასეთი შეფასება და ბევრი არგუმენტით „შევერკინე“, რათა დამერწმუნებინა, რომ არასწორი და ზედმეტად კონსერვატიული იყო მათი მოსაზრება. ფაქტობრივად, მთელი ერთი საათი მქონდა ჭიდილი ამ ადამიანთან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გარედან მათი კონსერვატიზმი გამართლდა...

- ჩემს კითხვას რომ დავუბრუნდეთ - რით განსხვავდება დღევანდელი პოლიტიკური კრიზისი სხვა კრიზისისგან?

- დღეს, ქვეყანა მთელი დასავლური სამყაროსგან იზოლაციის ზღვარზეა და შესაბამისად, დასავლური ეკონომიკებისგან. დღეს, ვიზოლირდებით ამერიკის და ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკებისგან, რომელთა ჯამური შიდა პროდუქტი, დააახლოებით, 50 ტრილიონი დოლარია და ვფოკუსირდებით დასანქცირებული, 2 ტრილიონიან რუსეთის ეკონომიკაზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არარაციონალურია. რაც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ არ ვიზოლირდებით, ის ხალხი გეუბნება აღარ გემეგობრებითო...

- ირაკლი კობახიძის თქმით, ეკონომიკა სტაბილურად მუშაობს. ნათია თურნავას შეფასებით, ლარის კურსის გაუფასურება იყო მოკლევადიანი მერყეობა და ბაზარი თავისითაც სტაბილურდება. მეტიც, ნათია თურნავას ანალიზით, ეკონომიკის ფუნდამენტური ფაქტორები ჯანსაღია. თქვენი აზრით, სინამდვილეში რამდენად მყარია ჩვენი ეკონომიკის ფუნდამენტი და სად შეიძლება მიგვიყვანოს იზოლაციამ?

- საქართველო არაა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა. ჩვენი ეკონომიკა სერვისებსა და უცხოურ ინვესტიციებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, თუ ქვეყანა იზოლაციაში აღმოჩნდება, მოგვიწევს დასავლური ინვესტიციების ჩანაცვლება. არ ვამბობ, რომ ვერ ჩანაცვლდება, მაგრამ ჩანაცვლდება გაცილებით ძვირი და რაც მთავარია, საშიში თამაშის წესების მქონე ინვესტიციებით; ეს ბუნებრივად გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს, რომელშიც უკვე ვართ და ალბათ კიდევ უფრო შევალთ. რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას, ყველაფერი ისე რომ იყოს, როგორც ნათია თურნავა საუბრობს, სებ-ს სავალუტო რეზერვების თითქმის 20%-ით გაყიდვა არ დასჭირდებოდა. როგორც ვიცით, ახლა სავალუტო რეზერვების მოცულობა ადეკვატური დონის დაბლაა.

- ამ ვითარებაში ვინ შეიძლება გარისკოს საქართველოში ფულის ჩადება?

- გააჩნია როგორი ფულის [ჩადებას გულისხმობთ]... ბოლო 13 წლის განმავლობაში ჩემი სამსახურის ნახევარი „როუდ შოუებზე“ სიარული იყო. როგორი ქვეყანაა საქართველო? - ეს არის პირველი კითხვა, რასაც უცხოელი ინვესტორები სვამენ, რადგან სანამ შენს კომპანიაში ფულს ჩადებენ, ქვეყნის ეკონომიკას უნდა ენდონ. ამდენად, როცა საზღვარგარეთ გავდიოდით, პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკის მარკეტინგს ვაკეთებდით. ქვეყანა თუ არ „იყიდეს“ [ინვესტორებმა], ისე კომპანიის აქციებს არ იყიდიან, შესაბამისად, ინვესტიციას არ ჩადებენ კომპანიაში. მოკლედ, თუ კრიზისი არ განიმუხტა, დასავლური ფულის შემოტანა ძალიან გართულდება, რაც ისედაც რთული იყო ბევრი პრობლემის გამო - მაგალითად, სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა. ამდენად, იზოლაციის შემთხვევაში, ქვეყანას მოუწევს ინვესტიციების ალტერნატიული წყაროების მოძიება, რომელიც ძალიან რთული იქნება და რაც ყველაზე ცუდია, არადასავლურ ფულს შემოჰყვება ძალიან მკაცრი, ხისტი და ცუდი თამაშის წესები.

- რამდენად მარტივია შელახული საინვესტიციო რეპუტაციის აღდგენა?

- წლები სჭირდება... მგონი, ადრეც მითქვამს, საქართველოში დასავლური ფული რომ შემოიტანო, რომის პაპზე მეტი კათოლიკე უნდა იყო... რთულია, ასეთ პატარა ეკონომიკაში ხარისხიანი ფულის შემოტანა და თუ ეს ქვეყანა ისეთივე რისკიანი ხდება, როგორც რუსეთი ან ჩინეთი, ინვესტორები იფიქრებენ, ბარემ იქ ჩავდებ ფულს, დიდი ბაზარი მაინც არის.

- რაც შეეხება ადგილობრივი ინვესტორების ქცევას, რომელთაც ბიზნესინტერესების გარდა, საქართველოსთან ემოციური ბმა აქვთ... ფინანსისტმა ნიკა შურღაიამ „წერტილში“ ასეთი ფრაზა თქვა - „ბიზნესი მატრასზე წავა, არ გააკეთებენ ინვესტიციებს“...

- ეს ბუნებრივი ინსტინქტია. ასეთი პოლიტიკური კრიზისის დროს ყველა ბიზნესი ამცირებს როგორც ჩვეულებრივ, ისე კაპიტალურ დანახარჯებს და ეს ყველაფერი გაივლის ეკონომიკაზე...

- რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის?

- საქართველოს განვითარებისთვის სტაბილური გარემო და იმ გზაზე დაბრუნება სჭირდება, რომელსაც დროებით მოვწყდით. უნდა შევძლოთ დასავლურ ვექტორზე დაბრუნება და შევასრულოთ საშინაო დავალებები იმ ისტორიული მისიის ბოლომდე მისაყვანად, რომლის შანსი უკრაინის თავგანწირვის შედეგად მოგვეცა.

- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?

- საქართველოში წერტილი უნდა დაესვას საგარეო ვექტორის შეცვლის მცდელობას, მოქალაქეებზე მორალურ და ფიზიკურ ძალადობას და ასევე, ყველანაირ კორუფციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები