მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ ევროინტეგრაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ეს გამოწვევა იქნება" - ინტერვიუ ალექსი მატუასთან

ალექსი მატუა

„თუ საქართველოს ევროინტეგრაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ეს გამოწვევა იქნება“, - ასე უპასუხა „პროკრედიტ ბანკი - საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ალექსი მატუამ კითხვას, რომელიც ქართული საფინანსო სექტორის განვითარებისთვის ევროინტეგრაციის გავლენას და მნიშვნელობას შეეხებოდა. BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ალექსი მატუამ „პროკრედიტ ბანკი - საქართველოს“ ინვესტორების განწყობასა და იმ კითხვებზეც ისაუბრა, რომელსაც ბანკის ევროპელი აქციონერები სვამენ.

- იქიდან გამომდინარე, რომ „პროკრედიტ ბანკი - საქართველოს“ ყველა დამფუძნებელი ევროპიდან არის, [ევროინტეგრაცია] ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ბოლო წლების განმავლობაში, ნებისმიერი კანონის თუ რეგულაციის მიღება დაკავშირებული იყო იმასთან, რომ აუცილებელი მოთხოვნაა ევროკავშირისკენ სვლისთვის და ყოველთვის მოლოდინი იქმნებოდა, რომ ყოველი შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირთან დაახლოებისკენ იყო გადადგმული... ამ ბოლო გადაწყვეტილებამ [ევროინტეგრაციის შეჩერება} პოზიტიური ზეგავლენა ვერ მოახდინა ვერცერთ ევროპელ ინვესტორზე, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი. ბანკის გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დამოკიდებული ვართ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტებზე. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ბევრია, მაგრამ თუ ავიღებთ იმ დაფინანსებას, რაც საქართველოს საბანკო სექტორშია, დარწმუნებული ვარ, დომინირებს ევროპული საფინანსო ინსტიტუტები - ევროპის საინვესტიციო ბანკი, EBRD, გერმანიის განვითარების ბანკი, ავსტრიის განვითარების ბანკი და ა.შ. ყველა მონაწილეობს ყოველდღიურ საქმიანობაში, რომელიც პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე. შესაბამისად, როდესაც ბანკი ოპერირებს და ზურგს უმაგრებს ასეთი საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული რესურსი, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე ეს მნიშვნელოვნად აისახება. თუ ეს [ევროინტეგრაცია] კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ჩვენთვის გამოწვევა იქნება; ამ ეტაპისთვის ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები არ არის, თუმცა კავშირი მოლოდინების თვალსაზრისით ასეთია - როდესაც მთავრობის ან გაერთიანების დღის წესრიგი იცვლება, მას მიჰყვება თითოეული საფინანსო ინსტიტუტი. შესაბამისად, მოლოდინებთან დაკავშირებით შეიძლება კითხვები გაჩნდეს და იმედი მაქვს, ამ კითხვებზე მომავალში დადებითი პასუხი იქნება.

- „პროკრედიტ ბანკის“ ინვესტორებს შორის არიან KFW, EBRD და ა.შ. დაახლოებით, ერთი თვის წინ, BMG-სთან ინტერვიუში თქვით, რომ როცა ტურბულენტობაა ქვეყანაში, ინვესტორები სვამენ კითხვებს... დღეს, რა კითხვებს გისვამენ ინვესტორები, როცა ევროინტეგრაცია შეჩერებულია და რამდენად ქმნის ინვესტირების განწყობას ის პოლიტიკური ვითარება, რაც საქართველოშია?

- 25 წელია საქართველოში ვართ და ფაქტობრივად, ყველანაირი სიტუაცია გამოვიარეთ, ომის ჩათვლით - იყო ძალიან რთული და ნაკლებად რთული სიტუაციები. საბანკო სექტორისთვის და ზოგადად, ინვესტორისთვის ყველაზე მთავარია ქვეყანაში იყოს სტაბილურობა. სტაბილურობის შემთხვევაში, ქვეყანაში ინვესტიციების მადა მნიშვნელოვნად იზრდება. შესაბამისად, როცა ტურბულენტობა იწყება, კითხვები ისევ ისმის - აბა, როგორი სიტუაცია გვაქვს და რამდენი რისკ-აპეტიტი შეიძლება იყოს ასეთი ტურბულენტობის დროს და ა.შ.

- ახლა რა კითხვები აქვთ ინვესტორებს, არჩევნების შემდეგ?

- [ინვესტორების] კითხვებია - რა იქნება შემდეგში? კითხვებია ამ {არჩევნების} შედეგთან დაკავშირებითაც, რადგან სხვადასხვა მოსაზრებაა და ინვესტორს ყოველთვის ყველა მოსაზრება აინტერესებს. რა თქმა უნდა, საბოლოო შეჯამება როცა იქნება, მერე უფრო კონკრეტულად გავცემთ პასუხს. მოკლედ, ამ ეტაპზე კითხვაა - რა იქნება შემდეგში?

- თქვენ რას პასუხობთ?

- ვეუბნებით, რომ ალბათ 2-3 თვე დასჭირდება, ცალსახად ვთქვათ, ზუსტად რა იქნება, რადგან ამ ეტაპზე ალბათ ცოტა გაგვიჭირდება მოლოდინებზე ნეგატიურად ან ძალიან პოზიტიურად საუბარი. ჯერჯერობით, ყველა ვართ მოლოდინის რეჟიმში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები