“მიმდინარე პროცესები საქართველოს დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვისა და რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის პოზიციის გაძლიერებისთვის ახალ შესაძლებლობას უქმნის” - ამბობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი "საქმის კურსთან" საუბრისას.
მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გათვალისწინებით, საქართველოზე გამავალ შუა დერეფანს დამატებითი ტვირთების მოზიდვის შესაძლე ბლობა ეძლევა.
“ბუნებრივია, ახალ რეალობაში შუა დერეფანს მიეცა შესაძლებლობა, რომ როგორც საზღვაო მარშრუტით, ასევე სახმელეთო მარშრუტით მიიღოს დამატებითი ტვირთნაკადი. სახმელეთო დერეფნით ტვირთნაკადის გადმორთვის/მოზიდვის შესაძლებლობას მე უფრო წინ დავაყენებდი.
აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ 2025 წელს, ოთხწლიანი ზრდის პირობებში, შუა დერეფანში გადაზიდვების მოცულობა 9%-ით შემცირდა. აქ უკვე ნათლად ჩანს, რომ შუა დერეფანი აქტიურ კონკურენტულ გარემოში ფუნქციონირებს.
რა შეეხება სახმელეთო მიმართულებით ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობას, აქ კიდევ ორი ქვემდგენელი შეიძლება წარმოვიდგინოთ. ერთი არის, რომ ცენტრალური აზიის, პლუს ჩინეთის ეს ექვსი სახელმწიფო აქტიურად ინსტიტუციონალურ, ანუ ტვირთების ირანის მიმართულებით გადასაზიდად იურიდიულ-საკანონმდებლო და ინფრასტრუქტურულ მდგენელსაც ავითარებს .
მნიშვნელოვანია წამოვწიოთ ირანსა და თურქმენეთს შორის მეშხეთის გასასვლელი საზღვარი. აქ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ცვლილებებია, სადაც ორი ახალი სარკინიგზო ხაზი დაემატა. უფრო მეტიც, 2025 წელს თურქმენეთმა 300 ვაგონი დამატებით შემოიყვანა სამოძრაოდ.
პარალელურად, ბოლო წლებში, შუა დერეფნის ალტერნატივა ცენტრალური აზია-ირანის მიმართულებით სხვადასხვა ხელშეკრულებები იდება. თუნდაც თურქმენეთსა და ირანს შორის საზღვარზე ახალი სავაჭრო ტერმინალის გახსნის, ანდა საკონტეინერო გადაზიდვებისათვის ერთიანი გამჭოლი ტარიფების შემუშავება, სხვადასხვა ტვირთებისათვის საბაჟო პროცედურების გამარტივების პროცედურები.
ერთიანობაში ეს ინსტიტუციონალური მექანიზმები შუა დერეფნის ალტერნატივის, სამხრეთ დერეფნის გასაძლიერებლად იყო მიმართული.
უფრო მეტიც, აქთაუდან ირანის ჩრდილოეთით მდებარე ანზალის ნავსადგურში საბორნე ხაზებიც დაემატა და ხორბლის, სამშენებლო მასალების და სხვადასხვა პროდუქტების გადაზიდვა ხორციელდება. მხოლოდ ხორბლის გადაზიდვა ყაზახეთიდან 70%-ით გაიზარდა. ყოველივე ამან სამხრეთ დერეფნის უფრო გააქტიურების ბაზისი შექმნა.
მიმაჩნია, რომ ბოლო წლებში ინსტიტუციონალური და ინფრასტრუქტურული მდგენელების განვითარება უფრო მეტად სახმელეთო დერეფნით ტვირთების შუა დერეფნით გადმორთვას შეუწყობს ხელს, გამომდინარე იქიდან, რომ გაურკვეველი ვადით არის ირანთან დაკავშირებით პარალიზება. მაგრამ ერთიც უნდა აღვნიშნოთ: არ არის გამორიცხული, რომ ვითარება მოკლევადიან პერიოდში დასტაბილურდეს და მაშინ უკვე შუა დერეფანი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სახელშეკრულებო ბაზა უკვე არსებობს და შესაძლებელია ტვირთები ისევ დაბრუნდნენ და უფრო მეტი აქცენტი სამხრეთ დერეფანზე გაკეთდეს.
რთულია თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ საზღვაო და სახმელეთო მდგენელების შედარებით მიმაჩნია, რომ შუა დერეფანს, ანუ საქართველოზე გამავალ დერეფანს ამ რთულ ვითარებაში უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდება”, - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.




























