მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აზერბაიჯანის მხარეს ადმინისტრაციული ბარიერები გაზრდილია" - რა გამოწვევები აქვთ ქართველ გადამზიდავებს?

სატვირთო გადაზიდვები

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში აცხადებენ, რომ შუა დერეფანში ბიუროკრატიულ ბარიერებთან დაკავშირებული პრობლემები გამწვავდა.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა ცაგარეიშვილი BMG-სთან ამბობს, ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც კასპიის ზღვის მონაკვეთზე, ალიათის ნავსადგურში, აზერბაიჯანის კუთვნილ სარკინიგზო ბორნებზე, ქართველი ექსპედიტორების ვაგონები ხანგრძლივი ვადით ყოვნდება.

მისი თქმით, თავად ექსპედიტორების ინფორმაციით, ვაგონების დაყოვნების ძირითადი მიზეზი აზერბაიჯანული საპორტო სამსახურების მიერ ხელოვნურად შექმნილი ადმინისტრაციული ბარიერებია.

ცაგარეიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია, პრობლემის მოგვარებაში საქართველოს მთავრობაც ჩაერთოს, რადგან მსგავსი ბიუროკრატიული პრობლემები შუა დერეფნის მიმზიდველობას აზარალებს.

“საყოველთაოდ ცნობილია და ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ შუა დერეფნის “ვიწრო ადგილს” კასპიის ზღვა წარმოადგენდა და კასპიის ზღვაზე არსებობს ფიზიკური პრობლემები. პირველ რიგში, ზღვის დონის ვარდნა, რომელიც იწვევს დაუტვირთავი გემებით, საკონტეინერო ბორნებით ტრანსპორტირებას. ამას ემატება არასაკმარისი რაოდენობის ბორნების რაოდენობა. მაგრამ, თუ ამას ფიზიკურ და ინფრასტრუქტურულ ბარიერად წარმოვიდგენთ, დღესდღეობით თვალშისაცემია ადმინისტრაციული ტიპის ბარიერები, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება და რაზეც პრინციპში ექსპედიტორებიც ამახვილებენ ყურადღებას.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში დატვირთულ ვაგონებს, რომლებიც ცენტრალურ აზიაში მიემგზავრება, გადაიზიდება, დაახლოებით 2-2.5 თვე ესაჭიროება იმისთვის, რომ საბოლოო წერტილში მოხვდეს. საუბარია ისეთ ტვირთებზე, რომელიც საქართველოსთვის არის სტრატეგიული - პირველ რიგში ეს არის მინერალური წყალი "ბორჯომი" და, რა თქმა უნდა, ღვინო, რომლის მიზიდულობის წერტილი ყაზახეთი და ხშირ შემთხვევაში უზბეკეთია.

დღესდღეობით ექსპედიტორების ინფორმაციაზე დაყრდნობით, აზერბაიჯანის ბორნის მისასვლელ სალიანდაგო ქსელზე დაახლოებით 700-დან 900 ერთეული ქართული ტვირთით დატვირთული ვაგონია. ექსპედიტორები ამ დაყოვნების ერთ-ერთ ძირითად პრობლემად და მიზეზად ასახელებენ იმას, რომ აზერბაიჯანული მხარე პრიორიტეტებს აძლევს აზერბაიჯანულ ვაგონებს და აზერბაიჯანულ ტრაილერებს, რადგანაც ამ ბორნებზე როგორც ვაგონის, ასევე საავტომობილო ტრანსპორტის შეგორება შეიძლება. ანუ, გარკვეულწილად დისკრიმინაციული ამბებიც არსებობს ბორნის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ერთ-ერთ მაგალითს მოვიყვან, რომ 20 მარტს ფოთში დატვირთული მალფუჭებადი ტვირთი, 17 დღის გავლის შემდეგ, დღეისთვის გარდაბნიდან 150-140 კილომეტრში, ევლახის აზერბაიჯანის სადგურზეა განთავსებული. წარმოიდგინეთ, როდის ის მივა საბორნე კომპლექსთან, როდის დაიტვირთება, როდის ჩამოიტვირთება და შემდეგ როდის გაივლის ცენტრალური აზიის მიმართულებით. ანუ, პრობლემა არის კომპლექსური, რომელიც ამ შუა დერეფნით გამოყენებას მიეკუთვნება და ხშირ შემთხვევაში ექსპედიტორები საუბრობენ იმაზე, რომ ეს ვაგონები არ არის საქართველოს კუთვნილება და დაქირავებული არის ცენტრალური აზიის სახელმწიფოების კუთვნილი ვაგონებია და დამქირავებელი ხშირად ამბობს ასეთ რამესაც, რომ აუარეთ გვერდი საბორნე კომპლექსს და აუცილებლად რუსეთის შემოვლით, კასპიის ზღვის შემოვლით იმოძრავეთ, რადგანაც დროში გაჩერებული ვაგონი ფინანსური დანაკარგის ტოლფასია.

შესაბამისად, ეს პრობლემა უკვე კომპლექსურ ასეთ სახეს იღებს და ყურადღება მინდა გავამახვილო იმ გარემოებაზეც, რომ ეს პრობლემა გარკვეულწილად ბოლო ორი თვის განმავლობაში უფრო თვალნათელი ხდება. ამიტომ თუ გამოსავალზეა საუბარი, არის ერთადერთი - რომ არ უნდა მოხდეს ქართველი გადამზიდავის მიმართ დისკრიმინაციული. ჩვენ გვახსოვს, როდესაც აზერბაიჯანულმა მხარემ გამოგზავნა თავისი ვაგონები და აქ შეფერხება მოხდა და მაღალი ტარიფით მოხდა გადახდევინება გარკვეულწილად, საქართველოს მთავრობამ ეს პრობლემა დაარეგულირა და უფრო მეტიც, რამდენჯერმე უფასოდაც კი გაატარა მათი შემადგენლობა.

აქედან გამომდინარე, საქართველოს მხარემ უნდა დააყენოს, კარგად უნდა შეისწავლოს ეს საკითხი და დააყენოს ამ პრობლემის განმუხტვის შესაძლებლობაზე. რადგანაც თუ დიდ სურათში წარმოვიდგენთ ამ პრობლემას, ეს გარკვეულწილად დერეფნის ყველანაირ კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად იმოქმედებს. და ის მომენტი, რაც ჩვენ დღეს გვამოძრავებს, რომ ახალი დაძაბულობის კერის წარმოქმნის პირობებში დამატებითი ტვირთნაკადის მოზიდვა-გატარება იქნება, ეს შემაფერხებელი ფაქტორი ბუნებრივია, ვერ შეუწყობს ხელს, რომ დადებითად მოხდეს ამ ტვირთების გადაზიდვა”, - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები