მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოზე ირანის ომის ეკონომიკური გავლენა თავდაპირველად მოსალოდნელზე უფრო მსუბუქია | Galt&Taggart

ირანი საქართველო

ირანთან ესკალაციის დაწყებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ, საქართველოზე ეკონომიკური ზეგავლენა თავდაპირველად მოსალოდნელზე უფრო მსუბუქი იყო, - ამის შესახებ წერია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში -"ირანის ესკალაცია: 50 დღე - საქართველოს მდგრადობის შეფასება".

საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარების ესკალაცია ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, საქართველოში ეკონომიკური მონაცემების გაუმჯობესება ფიქსირდება.

„2026 წლის მარტში ექსპორტი და ფულადი გადმორიცხვები წლიურად ზრდას განაგრძობს, საგადასახადო შემოსავლების და დღგ-ს ბრუნვა, რომლებიც ეკონომიკური აქტივობის რეალურ დროში მაჩვენებელს წარმოადგენს - სტაბილური დარჩა, ლარი მარტის შუა რიცხვებიდან გამყარების ტენდენციას დაუბრუნდა. ამ ინდიკატორებზე დაყრდნობით, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მარტის მშპ-ს ზრდა წლიურად 6%-ზე მეტი იქნება. ეს კი, იანვარ-თებერვალში წლიურად 8.4%-იან ზრდასთან ერთად, ჯამში, პირველი კვარტლის ძლიერ ზრდაზე მიუთითებს. შედეგად, ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6.0%-ზე, რადგან ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას ჯერჯერობით შეზღუდული გავლენა აქვს უფრო ფართო ეკონომიკურ აქტივობაზე”, - წერია მიმოხილვაში.

Galt & Taggart-ი წერს, რომ 4 მარტის მიმოხილვაში, ისინი საქართველოზე ირანში განვითარებული მოვლენების უფრო მეტ გავლენას ელოდებოდნენ, კერძოდ, მაშინდელი პროგნოზით, კონფლიქტს უნდა 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0.2 პპ-ით შეემცირებინა.

“როგორც ჩვენს 4 მარტის ჩანაწერშია ნათქვამი, ტურიზმი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორი იყო. 2025 წელს, ისრაელმა და სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ერთად შექმნეს ტურიზმის შემოსავლების 17%, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, სავარაუდოდ, 2026 წლის მარტში წლიურად 32%-ით შემცირდა. თუმცა ეს სხვა მიმართულებით კომპენსირდა: საქონლის ექსპორტი წლიურად 24%-ით გაიზარდა მაღალი ფასების ფონზე, ხოლო ფულადი გზავნილები მარტში წლიურად 9.8%-ით გაიზარდა. შედეგად, საქართველოს საგარეო ბალანსი მარტში წლიურად უცვლელი დარჩა და 2026 წლის პირველ კვარტალში წლიურად 280 მილიონი აშშ დოლარით გაუმჯობესდა. ჩვენი საბაზისო მონაცემებით, რეგიონალური ფრენების მაისიდან განახლება ხელს შეუწყობს ტურიზმის მნიშვნელოვან აღდგენას”, - წერია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.

საინვესტიციო ბანკში 2026-ში მთელი წლის განმავლობაში ტურისტების ჩამოსვლის დაბალ, ერთნიშნა ზრდას ელიან. გარდა ამისა, Galt&Taggart-ი აცხადებს, რომ ამდრომდე ელოდებოდნენ, რომ ეროვნული ბანკი, 8.0%-იანი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას წელს დაიწყებდა, ახლა კი, ელიან, რომ ის წლის ბოლომდე სტაბილური იქნება, შემცირება კი მხოლოდ 2027 წელს იქნება შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები