დღეს, საქალაქო სასამართლოში "კრიპტოვალუტის საქმეზე" სხდომა კვლავ დახურულ რეჟიმში ჩატარდა.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი bm.ge-სთან ამბობს, რომ მიზეზი ის არის, რომ ივანიშვილს არ სურს საზოგადოებამ ნახოს, როგორ ამტკიცებენ საკუთარი თანამშრომლები, რომ "ქართუ" კანტორაა და არა ფინანსური ინსტიტუტი.
„პროცესი დახურეს ერთადერთი რეალური მიზეზით, საზოგადოებას არ ენახა, როგორ ამტკიცებდა ბანკის სამი თანამშრომელი, რომ "ქართუ" კანტორაა და არა ფინანსური ინსტიტუტი. სამივე ამბობდა, რომ არაფერს ნიშნავს ხელშეკრულებები და კორესპონდენციები, რომ ეს არაფერს ნიშნავს და მხოლოდ ივანიშვილის ზეპირი თხოვნები და სურვილები უნდა გაგვეთვალისწინებინა.
ივანიშვილისა და „ქართუ ბანკისთვის“დღეს იყო მორიგი სამარცხვინო პროცესი. ჩვენ ვიხილეთ „ქართუ ბანკის“ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომელი, ზურაბ გოგუა, რომელიც დირექტორატის წევრი იყო და ისიც ერთხმად, გუშინდელ მოწმეებთან ერთად ამტკიცებდა, რომ რაც კი დოკუმენტაცია გაფორმდა, ამას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. მსგავსი დოკუმენტები არის მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობა და ეს ბანკი არის პირდაპირ ივანიშვილის კანტორა, სალარო. ამას ამტკიცებს მთელი მისი კოლექტივი. ძალიან სამარცხვინოა, არცერთი საკუთარი თავის პატივისმცემელი ბანკირი მსგავს განცხადებას არ გააკეთებდა, თუმცა აქ თავის თავის პატივისცემაზე წინ არის ივანიშვილის დავალება და მისი ზეპირსიტყვიერი ჩვენების "გაპრავება" ",- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
სხდომები მომდევნო კვირაშია ჩანიშნული და პროცესები ორშაბათს და ოთხშაბათს გაიმართება. კითხვაზე, როგორია მოლოდინი იმის გათვალისწინებით რაც სასამართლო დარბაზში იხილა ბაჩიაშვილი ამბობს, რომ "ამ მასკარადის ფონზე არაფრის მოლოდინი აქვს. დარბაზში მოსამართლეც, მოწმეებიც და პროკურორიც სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი არიან.
ბაჩიაშილი ამბობს, რომ საქმეში ახალი დოკუმენტი გამოჩნდა, რომელზეც ნათია თურნავას ხელმოწერაა.
" განსაკუთრებით კარგად ჩანს დახურულ სხდომაზე, როგორ არავის სურს ამ პროცესში მონაწილეობა და როგორ არის ყველა იძულებული ემსახუროს სისტემას. ამ სისტემის წინაშე უძლურია მოსამართლეც. მან ელემენტარულად, წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი პირი უნდა შეიყვანოს დასაკითხ პირთა სიაში, ეს არის პრაქტიკა და არის უამრავი ადამიანი შეყვანილი. როცა გამოჩნდა 2023 წელს შექმნილი დოკუმენტი, რომელზეც ხელმომწერია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, პროკურორი შეცბა. რა თქმა უნდა, მას არ აწყობს ნათია თურნავას სასამართლოში მოყვანა. ჩვენ ეს შუამდგომლობა ცხადია რომ დავაყენეთ. ძალიან ბევრი ბჭობისა და პროტესტის შედეგად მოსამართლემ ღიად დატოვა ეს საკითხი. მარტო თავად ვერ გადაწყვეტდა ამ საკითხს, მან უნდა გაიაროს კონსულტაცია ივანიშვილსა და მის მოვლენილ პირთან, შეიძლება თუ არა ნათია თურნავას მოყვანა სასამართლოში. ეს არის სამარცხვინო.
ჩვენ გვაქვს სრული უფლება, მოვითხოვოთ ყველა პირის დაკითხვა, ვისი ხელმოწერაც რამე დოკუმენტზე არსებობს და დევს საქმეში. ჩვენ მოვითხოვეთ თურნავას დაკითხვა და ორშაბათს გავიგებთ, გაბედავენ თუ ვერა ამას. ვნახავთ, რაზე დაყრდნობით გამოიტანა დასკვნები მოვალეობის შემსრულებელმა", - ამბობს ბაჩიაშვილი bm.ge-სთან.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
აღნიშნული ქმედება კი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























