სუს-ის ყოფილი უფროსი ანრი ოხანაშვილი, რომელიც უწყებას არასრული 5 თვე მართავდა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერის მრჩევლად გადავა. გადადგომის შესახებ განცხადება დღეს უწყებამ გაავრცელა.
ანრი ოხანაშვილის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მმართველ გუნდთან კონსულტაციით მიიღო. ის მიიჩნევს, რომ თავისი გამოცდილება და ცოდნა მას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკურ საქმიანობაში დაეხმარება.
"მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მმართველ გუნდთან კონსულტაციის საფუძველზე, მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობის დაკავების შესახებ....
დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოება ახალი გამოწვევების წინაშეა, რაც განსაკუთრებულ გავლენას ახდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობისთვის აღნიშნული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებასა და საპასუხო ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და ცოდნა დამეხმარება წარმატებით გავართვა თავი ანალიტიკურ საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
ამავე დროს, ვრჩები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებულ გულშემატკივრად. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო სამსახურის პირად შემადგენლობას ამ მოკლე დროში მნიშვნელოვანი ერთობლივი წარმატებული საქმიანობისთვის.წარმატებას ვუსურვებ სამსახურის მომავალ ხელმძღვანელს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს", - ნათქვამია ანრი ოხანაშვილის განცხადებაში.




























