მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქნახშირი" გათავისუფლებულ პირებს სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ გადამზადებას სთავაზობს

ნახშირი საქნახშირი

"საქნახშირი" დასაქმებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ სამსახურიდან გაშვებულ პირებს დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ თუ გარკვეულ გადამზადებას გაივლიან.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, დასაქმებულების ცოდნისა და კვალიფიკაციის შემოწმების პროცესი დაიწყეს.

"ევრო სტანდარტების გათვალისწინება და შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის მომზადება არის მთავარი პირობა, რომლის შესრულებაზეც დამოკიდებულია ახალი პროექტების განხორციელება. ამასთან დაკავშირებით, საქნახშირში რეორგანიზაციისა და კადრების ოპტიმიზაციის პროცესი 3 თვის წინ დაიწყო და 1 იანვარს დასრულდება.

350 დასაქმებულმა უკვე მიიღო ახალი კონტრაქტი და გადადიან ახალ სახელფასო სისტემაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ შემოსავალს. რეორგანიზაციის შედეგად 38 სამუშაო ადგილი შემცირდა, თუმცა, თითოეულ მათგანს კომპანიამ 3-4 თვიანი გადამზადება შესთავაზა, რომელსაც საქნახშირი დააფინანსებს. პარალელურად, მიიღებენ სრულ ხელფასს, ისარგებლებენ დაზღვევით, კვების მომსახურებით. გადამზადების შემდეგ, ჩააბარებენ გამოცდას და შესთავაზებენ ახალი კონტრაქტს. ყველა, ვინც გაივლის გადამზადებას, დასაქმებული იქნება საქნახშირში. 24 დეკემბრის 15:00 საათის მდგომარეობით, 38 შემცირებული ადგილიდან 20 ადამიანმა ხელი მოაწერა გადამზადების კონტრაქტს. დანარჩენ 18 ადამიანს საშუალება ეძლევა, ჩაერთოს გადამზადების პროგრამაში 1 იანვრამდე", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ტყიბულში მეშახტეების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია BMG-ის პროფკავშირებში დაუდასტურეს. სამთო და ქიმიური მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თემურ სურამელაშვილმა უთხრა, რომ გარკვეული კომპეტენციის დადასტურების შემდეგ, დამსაქმებლისგან აქვთ ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები სამსახურში აღდგებიან.

"კომპანიაშია რეორგანიზაციაა. სამსახურიდან გაშვებული 40 დასაქმებულიდან 10 ადმინისტრაციაში მუშაობდა, დანარჩენები არიან რიგითი თანამშრომლები. ამ რიგით თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ პროფესიული სწავლება 3-4 თვის განმავლობაში თავიდან გაიარონ. ჩააბარონ შესაბამისი გამოცდა, ამ პერიოდში მათ შენარჩუნებული ექნებათ სამედიცინო დაზღვევა, ხოლო ის კომპენსაცია, რასაც მისცემენ ხელფასად ჩაეთვლებათ და გამოცდის ჩაბარების შემდეგ ჩვეულებრივ გააგრძელებენ მუშაობას", - აცხადებდა სურამელაშვილი.

ერთ-ერთი დასაქმებული გიორგი აბულაძე "მაუწყებელთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ის პოლიტიკური მიზეზით გაათავისუფლეს.

"გუშინ დაგვირეკა ჩემი განყოფილების უფროსმა და გვითხრა, რომ თბილისიდან არიან ჩამოსულები და 12:00 საათისთვის მასთან უნდა მივსულიყავი. მისვლის შემდეგ გამომიცხადეს, რომ თქვენი კადრი შემცირდაო. ჩემი გათავისუფლება მოჰყვა იმას, რომ მე ვიყავი კოალიცია "ცვლილებებისთვის" წარმომადგენელი. საერთო მეგობრები გამომიგზავნეს, რომ გამოვსულიყავი კოალიციიდან, თუ არა გამათავისუფლებდნენ [მეც] და ჩემი ოჯახის წევრებსაც. ჩემი ძმა და რძალიც ამ კომპანიაში მუშაობენ და ეს მუქარა შეასრულეს", - ამბობს გიორგი აბულაძე.

რა შემოსავალი აქვს "საქნახშირს", რომელიც საქართველოში ქვანახშირის ერთადერთი მომპოვებელია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები