ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ "ქართუ ფონდში" არ განმარტავენ თუ რა დანიშნულებით აიღო ფონდმა "საქნახშირის" მფლობელი კომპანია “სტიილ ინთერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანისგან” 147 მილიონი ლარის სესხი.
თავად სესხის არსებობის შესახებ ცნობილი "სტიილ ინთერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანის" ფინანსური ანგარიშიდან გახდა ცნობილი, რის შესახებაც BMG-იმ სტატია ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა.
“სტიილ ინთერნეიშენალ თრეიდინგ კომპანი” არის საქართველოდან მანგანუმით და ნახშირით მოვაჭრე უმსხვილესი ჰოლდინგი, რომელიც “ჯორჯიან მანგანეზისა” და “საქნახშირის” მიერ წარმოებული პროდუქციით ვაჭრობს.
BMG-იმ ამ სესხის მიზნობრიობის შესახებ კითხვით მიმართა “ქართუ ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ნიკოლოზ ჩხეტიანს, რომელსაც ჩვენს კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.
“სტიილ ინთერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანის” თანახმად, “ქართუ ფონდმა” მათთან საკრედიტო შეთანხმება 2022 წელს გააფორმა და სესხის დაფარვის თარიღად 2022 წლის 31 დეკემბერი იყო მითითებული. აღნიშნულ პერიოდში სესხის ზომა 138,742,222 ლარს შეადგენდა, თუმცა მისი დაფარვა არ მომხდარა, რის გამოც გადასახდელი თანხის მოცულობა გაიზარდა 146,860,446 ლარამდე 2023 წელს.
“ჯგუფს აქვს გასესხებული თანხა ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუზე". პირველადი ხელშეკრულება ითვალისწინებდა სესხის ძირისა და მასზე დარიცხული პროცენტის ვადის ბოლოს დაფარვას და დაფარვის ვადად განსაზღვრული იყო 2022 წლის 31 დეკემბერი, თუმცა 2022 წლის 30 დეკემბერს მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაფარვის ვადად განსაზღვრულიყო 2024 წლის 31 დეკემბერი", - ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.
"სტიილ ინთერნეიშენალ კომპანი" “ჯორჯიან მანგანეზთან” არის დაკავშირებული. 2023 წლის ანგარიშის თანახმად, კომპანიას 359 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, რაც 2022 წლის შემოსავალზე 309 მილიონი ლარით ნაკლები იყო. შემოსავლების კლება მანგანუმის სექტორში ფასების მკვეთრი ვარდნით და ექსპორტის შემცირებით იყო განპირობებული. ასევე თუკი 2022 წელს კომპანიას 53 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა, 2023 წელს მან 11.4 მილიონი ლარის ზარალი განიცადა, რაც მანგანუმის სექტორში არსებულ კრიზისს უკავშირდებოდა.
უცნობია, ნიშნავს თუ არა “ჯორჯიან მანგანეზთან” დაკავშირებული კომპანიის მიერ ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ფონდისთვის” სესხის მიცემა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს გააჩნია ბიზნესინტერესები “ჯორჯიან მანგანეზთან” მიმართებით, ასევე უცნობია რატომ არ მოხდა აღნიშნული სესხის 2023 წელს ან 2024 წლის პირველ ნახევარში დაბრუნება, მაშინ როდესაც საქართველოს ფეროშენადნობების სექტორი ფინანსურ კრიზისს განიცდიდა

























