მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართუ ფონდმა" "ჯორჯიან მანგანეზის" ტრეიდერი კომპანიისგან ₾147 მილიონი ისესხა

ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა “ქართუმ” 147 მილიონი ლარი ისესხა “ჯორჯიან მანგანეზთან” დაკავშირებული კომპანია “სტიილ ინთერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანისგან” - ამის შესახებ კომპანიის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული 2023 წლის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა.

“სტიილ ინთერნეიშენალ თრეიდინგ კომპანი” არის საქართველოდან მანგანუმით და ნახშირით მოვაჭრე უმსხვილესი ჰოლდინგი, რომელიც “ჯორჯიან მანგანეზისა” და “საქნახშირის” მიერ წარმოებული პროდუქციით გლობალურ ბაზრებზე ვაჭრობს.

აღნიშნული კომპანია თავის მხრივ, ისევე “ჯორჯიან მანგანეზთან” არის დაკავშირებული. ჰყავს დაკავშირებული მენეჯმენტი და იგივე ოფისიდან საქმიანობს. 2023 წლის ანგარიშის თანახმად, კომპანიას 359 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, რაც 2022 წლის შემოსავალზე 309 მილიონი ლარით ნაკლები იყო. შემოსავლების კლება მანგანუმის სექტორში ფასების მკვეთრი ვარდნით და ექსპორტის შემცირებით იყო განპირობებული. ასევე თუკი 2022 წელს კომპანიას 53 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა, 2023 წელს მან 11.4 მილიონი ლარის ზარალი განიცადა, რაც მანგანუმის სექტორში არსებულ კრიზისს უკავშირდებოდა.

“სტიილ ინთერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანის” თანახმად, “ქართუ ფონდმა” მათთან საკრედიტო შეთანხმება 2022 წელს გააფორმა და სესხის დაფარვის თარიღად 2022 წლის 31 დეკემბერი იყო მითითებული. აღნიშნულ პერიოდში სესხის ზომა 138,742,222 ლარს შეადგენდა, თუმცა მისი დაფარვა არ მომხდარა, რის გამოც გადასახდელი თანხის მოცულობა გაიზარდა 146,860,446 ლარამდე 2023 წელს.

“ჯგუფს აქვს გასესხებული თანხა ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუზე". პირველადი ხელშეკრულება ითვალისწინებდა სესხის ძირისა და მასზე დარიცხული პროცენტის ვადის ბოლოს დაფარვას და დაფარვის ვადად განსაზღვრული იყო 2022 წლის 31 დეკემბერი, თუმცა 2022 წლის 30 დეკემბერს მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაფარვის ვადად განსაზღვრულიყო 2024 წლის 31 დეკემბერი", - ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.

BMG-იმ ამ სესხის მიზნობრიობასთან დაკავშირებით კითხვით მიმართა "სტიილ ინთერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, ბიზნესმენ ალექსანდრე ჩოჩიას, რომლის განცხადებითაც, ის კომპანიის საოპერაციო საქმიანობაში ჩართული არაა.

“სტიილ ინთერნეიშენალ ტრეიდინგ კომპანის” სურვილის შემთხვევაში, BMG მზადაა, გამოაქვეყნოს კომპანიის განმარტება "ქართუსთვის" მიცემული სესხის მიზნობრიობის თაობაზე.

ასევე, კითხვით მივმართეთ თავად “ქართუ ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ნიკოლოზ ჩხეტიანს, რომელსაც ჩვენს კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.

უცნობია, ნიშნავს თუ არა “ჯორჯიან მანგანეზთან” დაკავშირებული კომპანიის მიერ ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ფონდისთვის” სესხის მიცემა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს გააჩნია ბიზნესინტერესები “ჯორჯიან მანგანეზთან” მიმართებით, ასევე უცნობია რატომ არ მოხდა აღნიშნული სესხის 2023 წელს ან 2024 წლის პირველ ნახევარში დაბრუნება, მაშინ როდესაც საქართველოს ფეროშენადნობების სექტორი ფინანსურ კრიზისს განიცდიდა.

ფეროშენადნობების სექტორში რთული ფინანსური ვითარება ამ დრომდე გრძელდება და როგორც დღეს გახდა ცნობილი, კომპანია მომდევნო 6 თვის განმავლობაში წარმოებას წყვეტს.

არსებული მდგომარეობით “ჯორჯიან მანგანეზი” წარმოადგენს უკრაინელი ოლიგარქის იგორ კოლომოისკის ოფშორული კომპანიის “ჯორჯიან ამერიქან ელოიზის” საკუთრებას, თუმცა კომპანია 2017 წლიდან იმყოფება სპეციალური მართვის რეჟიმში, ხოლო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე იკავებს. ამასთან, ბიზნესმენ გიორგი კაპანაძეს მედიაჰოლდინგი პრაიმტაიმი და ტელეკომპანია “რუსთავი 2” ეკუთვნის.

თავად ჯორჯიან მანგანეზს ამ დრომდე არცერთი წლის ფინანსური ანგარიში გამოქვეყნებული არ აქვს, ეს კი იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობის მიხედვით კომპანიას ფინანსური გამჭვირვალობის ვალდებულებები 2017 აქვს დადგენილი. შესაბამისად, უცნობია რა შემოსავალი და მოგება აქვს კომპანიას. თუმცა, საჯაროა "ჯორჯიან მანგანეზის" ტრეიდერი კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები, საიდანაც ირკვევა რომ კომპანიამ ბიძინა ივანიშვილის ქართუ ფონდზე მრავალმილიონიანი სესხი გასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები