„ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურაში საწარმოო პროცესს სრულად აჩერებს. კომპანია მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის "რადიკალურ პროტესტს" ასახელებს. ამის შესახებ განცხადება კომპანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"სოფელ შუქრუთის მოსახლეობის რადიკალური პროტესტის შედეგად წარმოშობილი ფინანსური კრიზისის გამო, ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გაჩერდა.
აღნიშნულ პირობებში, თანამშრომლებს ხელფასის 60 %-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას ვთავაზობთ.ჩვენმა მენეჯმენტმა, საწარმოების ხელმძღვანელებთან ერთად, რვა თვიანი კრიზისის შედეგები შეაფასა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტის თვიდან კომპანიას შუქრუთის მოსახლეობის პროტესტის გამო იძულებით მოუწია წარმოების 70%-ის შეჩერება, რასაც დაემატა მსოფლიო ბაზარზე მადანზე ფასის კლების ტენდენცია და ამასთან დამატებით მოძიებული დაფინანსების საშუალებების ამოწურვა.
აღსანიშნავია, რომ ამ მძიმე პირობებში, როდესაც საწარმოების დიდი ნაწილი გაჩერებული იყო კომპანია თანამშრომლებს სრულად უხდიდა ხელფასის 100%-ს.შიდა და გარე ფაქტორებმა, ჭიათურის საწარმოებში მძიმე ფინანსური კრიზისი შექმნა, რის გამოც კომპანიას იძულებით მოუწია სპეციალური რეჟიმის ამოქმედება. მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში, კომპანია ეცდება შეიმუშაოს და კანონით გათვალისწინებულ ყველა მხარესთან შეათანხმოს კრიზისის დაძლევის გეგმა.
გეგმის შემუშავება და შემდეგ მისი აღსრულება საჭიროა იმისათვის, რომ საწარმოების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მადნის მოპოვება რენტაბელური გახდეს და ადგილი აღარ ჰქონდეს სამუშაო პროცესის პერმანენტულ, უკანონო შეჩერებებს", - წერს კომპანია.
შეგახსენებთ, თბილისში, ერთი კვირის წინ საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ, პროტესტი სოფელ შუქრუთში გრძელდება. აქციის მონაწილე მაღაროელები აცხადებენ, რომ ამ დრომდე მედიაციის შემდეგ შეხვედრას ელოდებიან.
ამასთან, შუქრუთელებმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც პარლამენტთან მათ დეპუტატი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი შეხვდა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ შუამავლობა შესთავაზა.
"იცით, რა კომპენსაციები აქვთ აღებული?!" - რატომ მიიღო "ოცნებამ" შუქრუთში ხმების 60%?