მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქნახშირი" 21-მილიონიან ზარალზეა

5d8cd5a774f84
შოთა ტყეშელაშვილი
26.09.19 23:00
1443
საქნახშირში ახალი ინვესტორი შევა - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა. მინისტრის თქმით, ეს იქნება ქართული ბიზნესჯგუფი, რომელიც დღეს წიაღისეულით ვაჭრობით არის დაკავებული და რომელსაც უკრაინელი ბიზნესპარტნიორები ჰყავს, რომლებიც უკრაინაში ქვანახშირის შახტებს ფლობენ. კომპანიის პრესსამსახურში BMG-ის განუცხადეს, რომ ტყიბულის შახტებს სიმბოლურ ფასად International trade company-ის გადასცემენ.

“საქნახშირის” 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანია მრავალმილიონიან ზარალზეა. დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს კომპანიამ ნახშირის გაყიდვით 19.6 მილიონი ლარი გამოიმუშავა, ხოლო მისი ჯამური ხარჯები კი 40 მილიონი ლარი იყო, რის გამოც “საქნახშირმა” წელი 21 მილიონი ლარით დაასრულა. 2017 წელს კი ზარალი 16 მილიონი იყო.

საქნახშირის ფინანსური მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  2018 წელი 2017 წელი
შემოსავალი  19,616,000 32,700,000
რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება -19,339,000 -32,284,000
საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები -1,686,000 -1,889,000
სხვა საოპერაციო ხარჯი, წმინდა -12,886,000 -9,815,000
საოპერაციო ზარალი -14,549,000 -12,412,000
ფინანსური შემოსავალი 35,000 238,000
ფინანსური ხარჯი -6,410,000 -4,215,000
მთლიანი სრული ზარალი -20,924,000 -16,389,000
     

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საქნახშირის აქტივები 125 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 1240-ს შეადგენს.

ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ “საქნახშირს” 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 62 მილიონი ლარის ვალდებულებები ჰქონდა.

“საქნახშირი” საქართველოში მოქმედი ერთადერთი ნახშირმომპოვებელი კომპანიაა, რომელმაც 2006 წელს საწარმოო პროცესი აღადგინა. კომპანია ახდენს 2 ტიპის ნახშირის რეალიზაციას: რიგითი და გამდიდრებული. 2017 წელს კომპანიამ ჯამურად მოახდინა 224 946 ტონა, ხოლო 2018 წელს 115 060 ტონა ნახშირის რეალიზაცია. კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრე ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილია.

GIG-ს ინფორმაციით, კომპანიამ 2006 წლიდან დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტში 74 მილიონი ლარი გადაიხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები