საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს და საბჭოს წევრებს თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრი დანიშნავს და გაათავისუფლებს. 78 - მომხრე, 11 წინააღმდეგი - პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ „ოფიციალურის სტატისტიკის შესახებ“ კანონში ინიციირებული ცვლილებები დაჩქარებული წესით მესამე მოსმენით მიიღო.
დღემდე მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელსა და საბჭოს წევრებს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თანხმობით ნიშნავდა, რისთვისაც საკანონმდებლო ორგანოს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე 1 კანდიდატს და საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარუდგენდა.
კანონში ცვლილებების ინიციატორები და ავტორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი არიან. ავტორები განმარტავენ, რომ ცვლილებების მიზანი სახელმწიფო მმართველობის მოდელის ექსკლუზიურად საქართველოს კონსტიტუციით მოწესრიგების შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო-მმართველობითი ფუნქციების ორგანო უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლებას ექვემდებარებოდეს და მის წინაშე იყოს ანგარიშვალდებული.
„კანონპროექტის მიზანია საქსტატის აღმასრულებელი დირექტორისა და საქსტატის საბჭოს წევრის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხების დახვეწა, რაც უზრუნველყოფს საქსტატის დამოუკიდებლობის ხარისხის შენარჩუნებას და ხელს შეუწყობს სამსახურის საქმიანობისა და მისი კონტროლის ეფექტიანობის გაუმჯობესებას. აგრეთვე, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრების ღია კონკურსის წესით შერჩევა გარანტირებული იქნება, რაც უზრუნველყოფს ოფიციალური სტატისტიკის კანონის დოკუმენტთან (Generic Law on Official Statistics, UNECE) შესაბამისობის შენარჩუნებას“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
ცვლილებების ინიციატორები აღნიშნავენ, რომ ამ ცვლილებებით არ გაუქმდება ზედამხედველობის მექანიზმი და საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი პარლამენტის და მთავრობის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.
ცვლილებების მიხედვით:
- საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს 4 წლის ვადით თანამდებობაზე დანიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით;
- აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს შეარჩევს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია საჯაროდ გამოცხადებული ღია კონკურსის საფუძველზე, რომელსაც გამოაცხადებს საქსტატი;
- საბჭოს წევრს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან თანამდებობაზე დანიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დადგენილი წესით;
- დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, ღია კონკურსის ჩატარების წესი და საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ოფიციალურის სტატისტიკის შესახებ კანონში რიგით მეორე ცვლილებაა, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა XI მოწვევის პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დააინიციირეს. თებერვლის ბოლოს ინიციირებული ცვლილებები კანონმდებლებმა 4 მარტს მიიღეს, რომლის მიხედვითაც საქსტატის აღმასრულებელ დირექტორად ერთი და იგივე პირი ორზე მეტი ვადით დაინიშნება. მაშინ დაჩქარებული მოსმენა მოთხოვნილი არ იყო.
ინიციატორები განმარტავენ, რომ „კანონპროექტი მიზანშეწონილია მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან აუცილებელია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე უზრუნველყოფილ იქნეს ახალი დირექტორის დროული დანიშვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ“.
ცნობისთვის, დღეს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გოგიტა თოდრაძეა, რომელიც სტატისტიკის ეროვნულ ცენტრს 2018 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს. ის პრემიერმა ამ თანამდებობაზე მეორედ 2022 წლის მაისში დაამტკიცა და ხელმძღვანელობის 4 წლიანი ვადა 2026 წლის მაისში იწურება.




























