მიუხედავად მეთოდოლოგიურად საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისა, არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში ინფლაციის მაჩვენებლებით მანიპულაციის რისკი მაღალია - ამის შესახებ BMG-სთან ეკონომისტი აკაკი ცომაია საუბრობს.
მისი განმარტებით, ინფლაციის დათვლის მექანიზმი რთული პროცესია და ის თეორიულ დონეზე ყოველთვის ტოვებს სივრცეს მონაცემებით მანიპულირებისთვის. ამიტომ, მთავარი კითხვაა, თუ რა არის ხელისუფლების მიზანი - რეალური სურათის ჩვენება თუ სასურველი ციფრების წარმოჩენა.
აკაკი ცომაია აღნიშნავს, რომ დათვლის მექანიზმები იმდენად კომპლექსურია, რომ მათი გამოყენება სხვადასხვა მიზნითაა შესაძლებელი.
„ინფლაციის დათვლის მეთოდოლოგია საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ პრინციპებს ეყრდნობა და ვერ ვიტყვით, რომ ის არასწორადაა შედგენილი. თუმცა ცხადია, რომ ნებისმიერი მეთოდოლოგია, როგორიც უნდა იყოს ის თეორიულ დონეზე, ყოველთვის ტოვებს მანიპულაციის შესაძლებლობას. გააჩნია, რა არის მიზანი. თუ მიზანი არის, რომ დავთვალოთ რეალურად ინფლაცია - რა ხდება, ფასების დონე იზრდება თუ არ იზრდება, კონკრეტულად რა ნაწილში ღარიბდება საზოგადოება და რა ნაწილში არ ღარიბდება - ეს არის ერთი. და მეორე არის მანიპულაციის გზით შევცვალოთ სურათი, ან წარმოვაჩინოთ ჩვენთვის სასურველი სურათი. რა თქმა უნდა, მანიპულაცია აქ შესაძლებელია, თუ მიზანი არის მანიპულაცია, რაც არ უნდა საერთაშორისო სტანდარტებით იყოს ის შედგენილი”, - ამბობს აკაკი ცომაია.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც საზოგადოებაში ჩნდება, არის ის, თუ რატომ არის ოფიციალური ინფლაცია (მაგალითად, გასული წლის 4%-იანი მაჩვენებელი) იმაზე დაბალი, ვიდრე ამას მოქალაქეები საკუთარ ჯიბეზე გრძნობენ. ცომაია ამას „სამომხმარებლო კალათის“ სტრუქტურით ხსნის:
„ეს 4%-იანი მაჩვენებელი გამომდინარეობს სამომხმარებლო კალათის წონებიდან. სასურსათო პროდუქციაზე ინფლაცია იყო ორნიშნა, 10%-ზე მეტი, მაგრამ ვინაიდან მისი ხვედრითი წონა არის 30-33%, სხვა კატეგორიაში მყოფ საქონელზე ფასების მოძრაობამ საშუალო შეწონილ კონტექსტში მოგვცა 4%. რაღაცებზე ფასები შემცირდა, რაღაცებზე გაიზარდა. მაგრამ ეს რეალურად ადამიანის ჯიბეს შეესაბამება თუ არა, ეს მეორე საკითხია. სტატისტიკის სამსახური ამბობს, რომ საშუალოდ, ადამიანი თავისი შემოსავლის დაახლოებით 32-დან 36 პროცენტამდე სურსათში ხარჯავს. რამდენად სწორია, რომ საშუალო სტატისტიკური ადამიანი ამდენს ხარჯავს, რეალობაა ეს საქართველოს ეკონომიკიდან გამომდინარე თუ არა - ჩვენ არ ვიცით, რადგან არ ვართ კვლევაში ჩართული”, - ამბობს ცომაია.
მისი განმარტებით, სტატისტიკური მონაცემების მიმართ სკეპტიციზმი არა მხოლოდ ციფრებს, არამედ ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის დეფიციტს უკავშირდება.
“რომელი ინსტიტუტია დღეს თავისუფალი, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური იყოს დამოუკიდებელი? ჩვენ არ გვაქვს რაიმე ფაქტები ხელმოსაჭიდი, მაგრამ ვარაუდის საფუძველი ის გვაქვს, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუციები საქართველოში არ ფუნქციონირებს. ამდენად, თუ სურს ხელისუფლებას სტატისტიკა წარმოადგინოს ისე, როგორც მას სურს, მას შეუძლია ეს გააკეთოს. მას შეუძლია სასურველი სურათი დაგვანახოს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვმონაწილეობთ იმ კვლევებში და არ გვაქვს პასუხები კითხვებზე. ეჭვები გვიჩნდება გამომდინარე იქიდან, რომ აღარ გვაქვს ნდობა უბრალოდ ხელისუფლების მიმართ. აი, აქედან მოდის ეს ყველაფერი”, - ამბობს აკაკი ცომაია.




























