მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სარეალიზაციო სივრცეებში კადრებისა და დანადგარების ნაკლებობის გამო ვერ შევდივართ“ – „სომა ქიდსი“

6449218377d31
სალომე ხიდურელი
29.04.23 22:37
507
“საქართველოში სამკერვალო დანადგარების მოძიებაც კი ჭირს, თუ უცხოეთიდან არ ჩამოიტანე“, - სამოსის წარმოებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე BM.GE-სთან ჩვილი ბავშვის ტანსაცმლის პირველი ქართული ბრენდ „სომა ქიდსის“ დამფუძნებელი საუბრობს.

სოფიო ტუაევის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ადგილობრივ ბაზარზე წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მოძიებაა.

„როგორ უნდა აწარმოო პროდუქცია, თუ ადგილობრივ ბაზარზე ნედლეულსაც ვერ იშოვი? ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა.

სანამ წარმოებას დავიწყებდით, ვესტუმრეთ მეზობელ ქვეყანას. სტამბულსა და ბურსაში დავამყარეთ კონტაქტები ტექსტილის კომპანიებთან, სადაც ადგილზევე ავარჩიეთ ბამბის მაღალ შემცველობიანი ტექსტილი. ჩვილის შიდა ბოდე ისეთი სამოსია, რომ ბავშვმა თავი თავისუფლად და კომფორტულად უნდა იგრძნოს, ამიტომ 100%-ით ბუნებრივი მატერიისგან ვერ იქნება შექმნილი, რათა ქსოვილმა წელვადობა შეინარჩუნოს. ჩვენს სამოსში 70% შემცველობა არის ბამბა, ხოლო 30% - ელასტინი“, - ამბობს სოფიო ტუაევი.

კიდევ ერთი, პრობლემა, რომელზეც „სომა ქიდსის“ დამფუძნებელი BM.GE-სთან საუბრობს, ბიზნესისათვის დანადგარებისა და სამუშაო კადრების ნაკლებობაა.

„პრობლემაა დანადგარების მოძიება და კადრების ნაკლებობაც. ამ პრობლემის მოგვარებაზე უკვე ვმუშაობთ და „სომა ქიდსმა“ ხელშეკრულება უკვე გააფორმა გორის სახელმწიფო კოლეჯთან, საიდანაც კურსდამთავრებულები პრაქტიკას ჩვენს სამკერვალოში გაივლიან და დასაქმდებიან, სხვანაირად კადრების მოძიება ძალიან რთულია“, - აღნიშნავს ბრენდის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „სომა ქიდსი“ ბაზარზე გასული წლის ოქტომბრიდან გამოჩნდა, მათი ჩვილი ბავშვის ეკოლოგიურად სუფთა სამოსის შეძენა მხოლოდ სოციალური ქსელის არხებითაა შესაძლებელი, რადგან კომპანია სარეალიზაციო სივრცეებში შესვლას ვერ ახერხებს.

„ობიექტებზე ამ ეტაპზე იმიტომ ვერ შევდივართ, რომ არ გვყავს საკმარისი კადრი, არ გვაქვს ინვენტარი, რომ საკმარისი რაოდენობით ვაწარმოოთ პროდუქტი. შემოთავაზება გვქონდა „აქსის ტაუერში“ ჩვენი სტენდის განთავსებაზე, თუმცა საერთაშორისო გამოფენებისთვის ისე ვემზადებით, რომ ამ ეტაპზე სტენდისთვის რესურსები აღარ გვაქვს.

როცა ჩაივლის ჩინეთის გამოფენა, სადაც „სომა ქიდსის“ სამოსი 1-დან 4 ივნისის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი, უკვე შევძლებთ, გადავამზადოთ კადრები, შევიძინოთ დამატებითი დანადგარები და ამის ხარჯზე გავზარდოთ წარმოება, რაც ობიექტებზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაში დაგვეხმარება“, - აღნიშნავს სოფიო ტუაევი.

„სომა ქიდსის“ სამკერვალო ქალაქ გორში მდებარეობს და, ამ ეტაპზე, 7 ადამიანს ასაქმებს. მათი წარმოებული ნაციონალური ორნამენტების ნაქარგებით გაფორმებული ბავშვის სამოსის ფასები კი 50 ლარიდან იწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები