მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარფამდე თურქეთის ახალი სარკინიგზო პროექტი წლიურად 12 მლნ მგზავრს გადაიყვანს - თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი

ჩქაროსნული რკინიგზა

თურქეთი შავი ზღვის სანაპიროზე სამსუნიდან სარფამდე ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის მშენებლობას გეგმავს, რომელიც ორდუს, გირესუნს, ტრაბზონს, რიზესა და ართვინს დააკავშირებს. პროექტის შესახებ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ, რომლის განცხადებითაც სამსუნიდან სარფამდე მარშრუტის გავლას მატარებლები 4.5 საათში შეძლებენ.

პროექტის მიხედვით, ახალი სარკინიგზო ხაზის სიგრძე 513 კილომეტრი იქნება. საპროექტო სიჩქარე 250 კმ/სთ-ს შეადგენს, ხოლო ხაზზე 14 სადგურის მოწყობაა გათვალისწინებული. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ იგეგმება წლიურად 12 მილიონი მგზავრისა და 14 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა.

პროექტი რთულ რელიეფზე იქნება განთავსებული, რის გამოც მისი შემადგენელი ნაწილი იქნება ათობით გვირაბისა და ვიადუკტის მშენებლობა. სარკინიგზო ხაზი შავი ზღვის სანაპიროს ქალაქებს გაივლის და ტრაბზონისა და რიზეს გავლით საქართველოს საზღვარს, სარფის მიმართულებას დაუკავშირდება. მინისტრის განცხადებით, პროექტი ამ გზით აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ქალაქებს ერთმანეთთან დააკავშირებს და საქართველოს საზღვრამდე სარკინიგზო კავშირს შექმნის.

„ჩვენი სარკინიგზო ხაზი დაგეგმილია 513 კილომეტრის სიგრძით. პროექტი გათვლილია 250 კილომეტრი საათში სიჩქარეზე და მას 14 სადგური ექნება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წლიურად 12 მილიონი მგზავრისა და 14 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა. აშენდება მრავალი გვირაბი და ვიადუკტი. აღნიშნული პროექტი 2026 წლის საინვესტიციო პროგრამაში კვლევა-პროექტირების, ანუ წინასწარი პროექტირების სამუშაოების დასაწყებად იქნა წარდგენილი. პროექტის შედეგად სარკინიგზო კავშირი შეიქმნება საქართველოს საზღვართან, ტრაბზონისა და რიზეს გავლით, რომლებიც აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის უდიდესი და სწრაფად განვითარებადი ქალაქებია“, - განაცხადა აბდულქადირ ურალოღლუმ.

პროექტი ასევე დაკავშირებული იქნება თურქეთის შიდა სარკინიგზო ქსელთან. კერძოდ, სამსუნის მიმართულება ინტეგრირდება ანკარა-კირიქალე-ჩორუმი-სამსუნის ხაზთან, ხოლო დაგეგმილი ერზინჯან-ტრაბზონის რკინიგზა შავი ზღვის სანაპიროს ახალ ხაზს ქვეყნის შიდა რეგიონებთან დააკავშირებს.

თურქეთის მინისტრის შეფასებით, ამ კავშირების შედეგად შავი ზღვის სარკინიგზო დერეფანი საერთაშორისო სარკინიგზო ქსელთან ინტეგრირდება და თურქეთს კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან დააკავშირებს. პროექტის მიხედვით, ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაზიდვებისთვის იქნება გამოყენებული, რაც ასევე მიზნად ისახავს სანაპირო საავტომობილო გზებზე არსებული დატვირთვის შემცირებას.

პროექტზე თავდაპირველად განცხადება გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2025 წლის იანვარში, მას შემდეგ ჩქაროსნული რკინიგზა პროექტირების ადრეულ ეტაპზე იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია რამდენი მილიარდი ლირა დაჯდება აღნიშნული რკინიგზის განვითარებნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები