„სარფის“ საბაჟოზე ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის მცდელობა აღიკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საბაჟოზე კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, თურქეთის მოქალაქის რ.კ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანისა და საქართველოს მოქალაქის ს.კ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 102,97 გრამი) გამოვლინდა.
„თურქეთის მოქალაქის არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 7 522.25 ლარი შეადგინა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, 7 522.25 ლარით დაჯარიმდა, ხოლო საქართველოს მოქალაქის არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 2900,74 ლარი შეადგინა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ჯარიმა, 1000 ლარის ოდენობით შეეფარდა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




























