მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარფის საბაჟოზე ტრაილერების რიგია - მიზეზები

625d48efdf2c5
სალომე მეცხვარიშვილი
18.04.22 19:14
6311
სარფის საბაჟოზე ტრაილერების რიგია. სატვირთო ავტომობილები თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ახერხებენ. შედეგად, პროცესი ფერხდება როგორც საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის, რომლებიც თურქულ ნედლეულზე არიან დამოკიდებული, ასევე საერთაშორისო მოთამაშეებისთვის, რომლებიც საქართველოს დერეფანს ტვირთების ტრანზიტისთვის იყენებენ.

საქართველოს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ქართული მხარის მხრიდან პრობლემა არ არსებობს. ამას “საქმის კურსთან” ადასტურებს სახმელეთო გადაზიდვების კომპანია “მინტრანსის” დამფუძნებელი ირმა ვარსიმაშვილიც. მისი თქმით, რიგები თურქეთის მხარეს არის, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს:

“ახლა რამაზანია მუსულმანურ სამყაროში, ანუ მარხვა. მოგეხსენებათ, ამ პერიოდში გაცილებით დიდ დროს ანდომებენ ლოცვას და ამის გამოა, რომ სარფი ვერ ახერხებს იმ რაოდენობის მანქანების გატარებას, რა ოდენობაც სხვა დროს გადის”- აცხადებს ირმა ვარსიმაშვილი.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მიზეზი რეგიონში არსებული ომია. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბალტიის ქვეყნებმა და პოლონეთმა ბელორუსთან და რუსეთთან საზღვარი ჩაკეტეს. 

“მთელმა სატრანსპორტო ნაკადებმა, რომლებიც მიდიოდა უკრაინის, რუსეთის, ბელორუსის გავლით, ახლა თავი მოიყარა სარფის საბაჟოზე”,- აცხადებს ირმა ვარსიმაშვილი.

ამ პრობლემების პარალელურად გაძვირებულია გადაზიდვები, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს: ერთი, საწვავის გაძვირებაა, მეორე პრობლემა კი ისაა, რომ საზღვრების ჩაკეტვის გამო მძღოლებს უფრო დიდი მანძილის გავლა უწევთ. საბაჟოზე არსებულმა პრობლემებმა კი გადამზიდავების დეფიციტიც შექმნა.

ირმა ვარსიმაშვილის ინფორმაციით, კიდევ ერთ პრობლემას ქმნის სატვირთოების მძღოლებისთვის გამოწერილი ჯარიმები. მისი თქმით, სარფის საბაჟოზე მისულ მძღოლებს სთხოვენ მათთვის გაურკვეველი თანხების გადახდას და ეუბნებიან, რომ ეს ჯარიმები საგზაო წესების დარღვევისთვის სხვადასხვა წელს გამოუწერეს.

ირმა ვარსიმაშვილის თქმით, ზოგიერთი მძღოლი ამბობს იმასაც, რომ საერთოდ არ უმგზავრიათ თურქეთის გავლით იმ კონკრეტულ წლებში, როცა ჯარიმაა გამოწერილი.

“ეუბნებიან, რომ გადაიხადონ 100 ევრო, ან გაბრუნდნენ უკან. მათაც სხვა გზა არ აქვთ და იხდიან. ანალოგიური პრობლემები არის ხოლმე ლარსის საბაჟოზეც. ნებისმიერი საბაბით აჩერებენ ავტომანქანებს და ახდევინებენ თანხებს.

ეს ის თემებია, რომლებსაც ვერც სატრანზიტოები და ვერც საბაჟოები ვერ გადაჭრიან, ამიტომ ძალიან კარგი იქნება, ჩვენი სახელმწიფო დაელაპარაკოს მეზობელ ქვეყნებს და ეს თემები უმაღლეს დონეზე განიხილონ”,- აცხადებს ირმა ვარსიმაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები