“განსხვავებით წინა ჯანდაცვის მინისტრებისგან მიხეილ სარჯველაძე ისმენს, თუმცა რეაგირება აქვს იმ სტილში, როგორც სჩვევიათ ხოლმე ჯანდაცვის სამინისტროს ლიდერებს”, - ასე აფასებს ჯანდაცვის სპეციალისტი, ექიმი ვახტანგ კალოიანი 4 თვის წინ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშნული მიხეილ სარჯველაძის მუშაობას.
მისი თქმით, ის დაინიშნა როგორც პოლიტიკური ფიგურა წინასარჩევნოდ, რათა ჩააცხროს ის ვნებათაღელვა რაც გამოიწვიეს მისმა წინამორბედებმა. კალოიანის შეფასებით, სარჯველაძემ ამ დრომდე ვერ შეძლო სისტემური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სექტორის მხრიდან დასახელებულ პრობლემებს მოაგვარებდა.
“პერსონალურად ბატონ სარჯველაძეს ყველა ახასიათებს კარგად, ვისაც მასთან შეხვედრა ჰქონდა. განსხვავებით წინა მინისტრებისგან ის ისმენს, თუმცა რეაგირება არის იმ სტილში, როგორც სჩვევია ხოლმე ჯანდაცვის სამინისტროს ლიდერებს. რეალურად არანაირი გადაწყვეტილებები სტრატეგიული, მნიშვნელოვანი, რომელიც რადიკალურად შეცვლის ამ ვითარებას სამწუხაროდ, არ არის და ეს არც იყოს მოსალოდნელი. ბატონო სარჯველაძე პოლიტიკური ფიგურაა, ის დაინიშნა როგორც პოლიტიკური ფიგურა წინასარჩევნოდ, რათა ჩააცხროს ის ვნებათაღელვა, რაც გამოიწვიეს მისმა წინამორბედებმა. ეს არის მისი ფუნქცია, ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რომ ის კარგად ართმევს ამ საქმეს თავს, სისტემურად მას ჯერ ცვლილებები არ განუხორციელებია”, - ამბობს ვახტანგ კალოიანი.