მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, როგორც სტრატეგიული აქტივის, გასხვისება იზღუდება - თამარ იოსელიანი

თამარ იოსელიანი

საქართველოს პარლამენტი „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავს, რომლის მიზანიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან სახელმწიფოს მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ბალანსზე რიცხული მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგებისა და მათი დამცავი ზონების გასხვისების შეზღუდვაა.

საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა და დაჩქარებული წესით განხილვისთვის პარლამენტში გასულ კვირაში დაარეგისტრირა. პროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ განსაზღვრული მოქმედი მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგისა და მისი დამცავი ზონის მესამე პირებისთვის საკუთრებაში გადაცემა დაუშვებელი იქნება. გამონაკლისი მხოლოდ ის შემთხვევაა, როდესაც აღნიშნული ქონება სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში შევა.

პარლამენტში კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანი, განაცხადა, რომ ცვლილებების მიზანი სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე სახელმწიფოს სტრატეგიული კონტროლის შენარჩუნებაა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგები და მათი დამცავი ზონები სახელმწიფო საწარმოთა საკუთრებაშია, რის შედეგადაც აღნიშნულ აქტივებზე სახელმწიფო კონტროლი უკვე უზრუნველყოფილია.

„იმისათვის, რომ არსებული მდგომარეობა შენარჩუნდეს, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზეც იყოს ასახული, რომ დაუშვებელია მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგის და მისი დამცავი ზონის მესამე პირებისთვის საკუთრებაში გადაცემა“, – განაცხადა იოსელიანმა.

კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს „მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგის“ ცნებას. ცვლილების მიხედვით, ასეთად ჩაითვლება ლიანდაგი, რომელიც სასაზღვრო სარკინიგზო გადასასვლელებს, სარკინიგზო სადგურებსა და საზღვაო ნავსადგურებს შორის ტვირთის გადაზიდვას ან მგზავრთა გადაყვანას ემსახურება.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, მოქმედი მაგისტრალური ლიანდაგების სახელმწიფო ან სახელმწიფო საწარმოს საკუთრებაში შენარჩუნება აუცილებელია, რადგან სწორედ ამ ინფრასტრუქტურაზე ხორციელდება საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე.

იოსელიანმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, ასევე რუმინეთი და ბულგარეთი, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს საკუთრებაშია ან სახელმწიფო კომპანიების ბალანსზე ირიცხება. მისი შეფასებით, ეს მოდელი სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაცვისა და უწყვეტი მომსახურების უზრუნველყოფის ერთ-ერთ ეფექტიან პრაქტიკად მიიჩნევა.

„აღნიშნული აქტივი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების, სატრანზიტო ფუნქციისა და საერთაშორისო ლოგისტიკური კავშირების ერთ-ერთ ძირითად საყრდენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ამ ეტაპზე გასხვისებული არ არის, სამომავლოდ სტრატეგიული აქტივის დაკარგვის რისკების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია აკრძალვის საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამჟამად აღნიშნული ინფრასტრუქტურა საქართველოს რკინიგზა-სა და მარაბდა-კარწახის რკინიგზა-ს საკუთრებაშია, რომელთა 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა.

დოკუმენტის მიხედვით, კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უნდა დაამტკიცოს მოქმედი მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგებისა და მათი დამცავი ზონების ნუსხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები