მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოსა და „საქართველოს რკინიგზას“ შორის საზოგადოებრივი მომსახურების პირველი ხელშეკრულება (PSC) გაფორმდა

სს
14.06.24 20:31
797

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოსა და „საქართველოს რკინიგზას“ შორის საზოგადოებრივი მომსახურების პირველი ხელშეკრულება (PSC) გაფორმდა. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ეს ხელშეკრულება, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეგულაციის საფუძველზე დაიდო.

შეთანხმებას ხელი სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ერეკლე კეჟერაშვილმა და „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორმა დაჩი ცაგურიამ მოაწერეს.

აღნიშნული შეთანხმება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ნაწილი და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, ამაღლდება სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანების მომსახურების ხარისხი, გაიზრდება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დონე.

ხელშეკრულება მოქმედია 2028 წლის ჩათვლით, ხოლო 2024 წელს გასაცემი კომპენსაციის ჯამური ოდენობა 8 მილიონ ლარს შეადგენს. ხელშეკრულებით განისაზღვრება საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების ძირითადი მახასიათებლები როგორიცაა: მარშრუტები, რეისების სიხშირე, მგზავრობის ტარიფები, აგრეთვე, მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული შესრულების ძირითადი ინდიკატორები (KPIs) პუნქტუალობის, უსაფრთხოების, მომსახურების სანდოობის, მატარებლების დასუფთავებისა და მგზავრთა მოთხოვნების მართვის კუთხით.

ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, პერიოდულად განხორციელდება მგზავრთა კმაყოფილების დონის კვლევა მგზავრების გამოკითხვის გზით. ხელშეკრულების ადმინისტრირებასა და მის შესრულებაზე ზედამხედველობას განახორციელებს სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია საზოგადოებრივი მომსახურების კომპეტენტურ ორგანოდ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები