მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარწყავი სისტემების სახელმწიფო თანადაფინანსებით მარწყვის ბაღებიც ისარგებლებს - პროგრამა გაფართოვდა

მარწყვი

ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ფართოვდება და იზრდება სახელმწიფოს თანადაფინანსების წილიც.

მთავრობის 2024 წლის 26 აგვისტოს დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ერთწლოვანი კულტურების გარდა, წვეთოვანი და დაწვიმების საწყავი სისტემების მოწყობის თანადაფინანსება გავრცელდება მარწყვის და იონჯის მრავალწლოვან კულტურებზეც. თანადაფინანსების პროცენტული წილი თითოეულის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან 50% და 20 000 ლარი (დაწვიმების) და 30 000 ლარი (წვეთოვანის შემთხვევაში) იქნება. ამასთან, პროგრამით გათვალისწინებული ყველა მიზნობრიობის თანადაფინანსება განისაზღვრა 50%-ით, ახალგაზრდებისათვის - 55%-ით, ხოლო წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებისთვისთვის - 60%-ით.

ამასთან, შემცირდა იმ მიწის ნაკვეთის ფართობი ზღვარი, სადაც სარწყავი სისტემა უნდა მოეწყოს. ადრე ეს 0,5 ჰექტარზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო, ცვლილებით კი 0,2 ჰექტრამდე დაიყვანეს.

პროგრამა ეხება სასათბურე მეურნეობის მოწყობის თანადაფინანსებასაც, რომლის შემთხვევაშიც გაიზარდა სახელმწიფოს თანადაფინანსება 40%-დან 50%-მდე და 16 000 ლარიდან 20 000 ლარამდე. ასევე, მზის ენერგიაზე მომუშავე არაუმეტეს 5 კვტ/სთ სიმძლავრის ელექტროსადგურის მოწყობის თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან 40%-დან 50%-მდე გაიზარდა. ერთწლოვანი ან/და მრავალწლოვანი კულტურების პირველადი წარმოებისთვის აგრომეტეოროლოგიური სადგურების მოწყობის თანადაფინანსება კი 40%-დან 50%-მდე და 7 000 ლარიდან 10 000 ლარამდე.

გარდა ამ ცვლილებებისა, პროგრამის მიზნობრიობებს დაემატა მცირეგაბარიტიანი სასოფლო- სამეურნეო ტექნიკის დაფინანსება. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა განსხვავებულია ტექნიკის სიმძლავრის მიხედვით და მერყეობს 1000 ლარიდან 5000 ლარის ფარგლებში.

პროგრამა განხორციელდება საგარეჯოს, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, ასევე ამ მუნიციპალიტეტებში შემავალ ყველა სოფელსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა სახელმწიფოს სახსრებით და მსოფლიო ბანკის სესხით თანაბარწილად დაფინანსებული „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ შემადგენელი ნაწილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები