მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სასამართლო იდუმალ სფეროდ იქცა” – კახა ხაზარაძე საქართველოს საინვესტიციო კლიმატს აფასებს

ICR

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კახა ხაზარაძის შეფასებით, ICR ჯგუფის უცხოელი პარტნიორები საქართველოში ინვესტირებისგან თავს იკავებენ და ამის მიზეზი არასტაბილური პოლიტიკური გარემო და გაუმჭვირვალე სასამართლო სისტემაა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

„სასამართლო სისტემა იდუმალ სფეროდ იქცა. გაუმჭვირვალობა კი, იწვევს გარე ინვესტორის მიერ ქვეყნის მიმართ სტაბილურობის შეგრძნების არქონას, ამიტომ უცხოელი ინვესტორი თავს დაცულად არ გრძნობს, რომ პრობლემების შემთხვევაში, საკუთარ ინტერესებს დამოუკიდებელ სასამართლოში დაიცავს, ის რისკის ქვეშ თავის ინვესტიციას არ დააყენებს. ჩვენი პარტნიორები, რომლებიც წლებია ჩვენთან მუშაობენ, ახალ ინვესტიციებზე თავს იკავებენ და თუ დღეს ICR ჯგუფი გარკვეულ ინვესტიციას ვახორციელებთ, ეს მხოლოდ ჩვენი რესურსია, რითაც ბევრს ვერ შევძლებთ“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ.

რაც შეეხება ბიზნესის კეთების პროცესში არსებულ სხვა გამოწვევებს, ბიზნესმენმა იაფ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გამოყო.

„ბიზნესი რომ გააკეთო, გჭირდება იაფი ფული; ბანკების ფული იაფი არაა, ამიტომ გვჭირდება გრძელვადიანი ფონდებისგან თანხების მოზიდვა, რაც შესაძლებელია მხოლოდ გამჭვირვალე კანონმდებლობის და სასამართლოს პირობებში, სადაც ადამიანი ბოლომდე დაცულად გრძნობს თავს; თუ ასეთი ბიზნესგარემო გარემო არსებობს ქვეყანაში, მაშინ უცხოელი პარტნიორები რისკებზეც მოგყვებიან და შეიძლება, სოფლის მეურნეობაშიც კი, ჩადონ ინვესტიცია, რომელიც უფრო გრძელვადიანია. ნებისმიერი დიდი პროექტი, ვაჭრობის სექტორს არ ვგულისხმობ, მინიმუმ 5-წლიან ინვესტიციას ითხოვს და შეიძლება, შედეგი 6-7 წელიწადში ნახო. ევროპაში თუ პროექტი 10 წელზე არაა გათვლილი, მას არავინ უყურებს“, - აღნიშნა კახა ხაზარაძემ.

ICR ჯგუფის სამთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის აზრით, ამ ეტაპზე, საქართველოს განვითარებისთვის ყველაზე მთავარი ევროინტეგრაციაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები