მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლო ჯერ არ ყოფილა. ალბათ ესეც ფსიქოლოგიური ზეწოლის ინსტრუმენტია - ნიკა ალავიძე

ნიკა

ნიკა ალავიძე, რომელიც საპროტესტო აქციაზე შვილთან ერთად საპოლიციო ძალებმა 7 დეკემბერს დააკავეს, აცხადებს, რომ მის საქმეზე სასამართლო ამ დრომდე არ ჩანიშნულა და რამდენიმე თვეა, ოჯახი მოლოდინის რეჟიმშია. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ BMGDrive-ის ეთერში ისაუბრა.

"სასამართლო ჯერ არ შემდგარა, ვართ მოლოდინში. დაუსრულებელი მოლოდინიც უფრო ცუდია, როგორც ჩანს, ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთგვარი ინსტრუმენტია. მეც და ჩემი შვილიც ამას ველოდებით და ამ მოლოდინში ვერ ვდგამთ სხვა ნაბიჯებს. სამართლებრივი ქმედებები გვაქვს დაგეგმილი, რა თქმა უნდა, დაზარალებულად ცნობა, ზარალის ანაზღაურება, როგორც მატერიალური, ასევე მორალურის. თითქმის სამი თვის წინ დაგვიჭირეს და მას მერე თავის ტკივილებმაც არ გაგვიარა...

კომუნიკაციაც სამწუხაროდ არ ხდება, ადვოკატებს არანაირი ინფორმაცია არ აქვთ და ეს მოლოდინი მოლოდინად რჩება, ჩემი საქმიანობაც ფერხდება ამით, ტექნიკურად ისეთი კრიზისი არ არის, უფრო ფსიქოლოგიური", - ამბობს ნიკა ალავიძე.

ალავიძე არც იმას გამორიცხავს, საქმე, რომელიც ადმინისტრაციული კოდექსითაა კვალიფიცირებული, უფრო დამძიმდეს: "როგორც ვიცით, ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა, მაგრამ ესეც არაა გამორიცხული, რომ გადააკვალიფიცირონ კიდევ".

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკა ალავიძე, შვილთან ერთად, 7 დეკემბერს, ღამის 02:00 საათზე, პროევროპული საპროტესტო აქციების დარბევისას დააკავეს. რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო, თუ რომელ იზოლატორში გადაიყვანეს დაკავებულები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები