ჰონგ-კონგის სასამართლომ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო. უმსხვილეს ჩინურ სამშენებლო კომპანიას, Evergrande-ს აქტივების ლიკვიდაცია დაევალა.
სასამართლოს განმარტებით, დამატებითი ვადის მიცემის მიუხედავად, კომპანიის მენეჯმენტმა რესტრუქტურიზაციის ადეკვატური სტრატეგია მაინც ვერ მოიფიქრა, ამიტომ ახლა უკვე Evergrande-ს აქტივების გაყიდვა მოუწევს, რათა ინვესტორებისა და კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებები ნაწილობრივ მაინც გადაფაროს.
მართალია, ასეთი მასშტაბის კომპანია უკვე ფაქტობრივად გაკოტრებულია, თუმცა ამაზე საგანგაშო ის არის, რომ კომპანიას 350 მილიარდი დოლარის ფინანსური ვალდებულებები აქვს, რითაც ის მსოფლიოში პირველად ადგილს იკავებს.
შედარებისთვის, Evergrande-ის აქტივების მოცულობა 256 მილიარდ დოლარს შეადგენს, ანუ ტექნიკური თვალსაზრისით, კომპანია გადახდისუუნაროა, თუმცა ის იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია, რომ მის გაკოტრებას და კოლაფსს ჩინეთის მთავრობა უბრალოდ ვერ დაუშვებს.
1996 წელს დაფუძნებული კომპანია ჩინეთის მასშტაბით 1,300-ზე მეტ მსხვილ პროექტს და მილიონობით საცხოვრებელ თუ კომერციულ ფართს ფლობს. ჩინეთის მასშტაბით უძრავი ქონების სექტორში განხორციელებული პროექტების თითქმის ნახევარი სწორედ Evergrande-ზე მოდის, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ის ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
Evergrande-ისთვის კრიზისი პანდემიის შემდეგ დაიწყო, როდესაც უძრავი ქონების გაყიდვები მკვეთრად დაეცა, კომერციული ფართების გაქირავების მაჩვენებელი კი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. მართალია, ამ პრობლემის წინაშე მსოფლიოს სხვა კომპანიებიც აღმოჩნდნენ, თუმცა Evergrande-ის მსგავსი მოცულობის ვალი არცერთ სხვა კომპანიას არასოდეს ჰქონია, რისკების არასათანადო მენეჯმენტმა კი დეველოპერული ტიტანი გაკოტრების ზღვარზე მიიყვანა.
პანდემიური პერიოდიდან მოყოლებული, Evergrande-ის ხელმძღვანელობა და ჩინეთის მთავრობაც კომპანიის გადარჩენას ცდილობენ, თუმცა ფაქტია, რომ ამ მცდელობების მიუხედავად, კომპანიის დამფუძნებლის ქონება მაინც ფაქტობრივად გაცამტვერდა. სულ რაღაც ორ წელიწადში ჰუი კა იანმა $42-მილიარდიანი ქონების 98% დაკარგა და ახლა უკვე ის მილიარდერიც კი აღარ არის. არადა, ერთ დროს ის აზიის რიგით მეორე უმდიდრესი მეწარმე იყო.