თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებს საკომუნიკაციო აპლიკაციის მეშვეობით ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში კონკრეტული პირის არყოფნის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა და როგორც ნაკრების ფეხბურთელებს, ისე ფედერაციის წარმომადგენლებს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი მედიასაშუალების საინფორმაციო გადაცემაში გასული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც საუბარი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველი შინაარსის გზავნილებს ეხებოდა, გამოძიება 2022 წელს დაიწყო.
"ფორმულას" მაშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ისმის, 32 წლის ნოდარ ნიშნიანიძის მუქარა, რომელიც უკმაყოფილოა იმის გამო, რომ "ერთა ლიგის" მატჩში, როცა საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიას 2:0 მოუგო, ძირითად შემადგენლობაში ვაკო ყაზაიშვილი ვერ მოხვდა. ცნობისთვის, ნიშნიანიძე ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმაა.