მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა დააკისრა

გიორგი ბაჩიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიღებული განაჩენით გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა დააკისრა - ამ ბიტკოინების საერთო ფასი ამჟამად 861 მილიონ დოლარს შეადგენს.

როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ განაცხადა, სასამართლომ მათი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. მისი თქმით, თუ გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნული ბიტკოინები არ აღმოაჩნდება, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბიტკოინის ფასიდან გამომდინარე, ბაჩიაშვილის პირადი ქონების რეალიზაცია მოხდება.

„სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის სარჩელი. საქმე იხილებოდა გამარტივებული წესით, დღევანდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 7-დღიანი ვადა განსაზღვრა. ასევე, სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ქონების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიტკოინები დაებრუნებინა, რადგან სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მან ბიძინა ივანიშვილის 9000-მდე ბიტკოინი მიითვისა. თუ აღმოჩნდება, რომ გიორგი ბაჩიაშვილს ეს ბიტკოინები არ აღმოაჩნდება, მაშინ იგი ვალდებულება ექნება, რომ მოსარჩელეს დაუბრუნოს ამ ბიტკოინების ღირებულების თანხა, გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისათვის არსებული რაოდენობით“,- განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ.

10 მარტს ამავე საქმეზე საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯა.

ბაჩიაშვილმა საქართველო 2 მარტს დატოვა. საგამოძიებო უწყების განცხადების მიხედვით, უკვე მიმართეს საერთაშორისო ცირკულარს რომ მასზე ძებნა გამოცხადდეს.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა კი, სასჯელის ზომად 11-წლიანი პატიმრობა გამოიყენა.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები