მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასამართლომ Meta-ს ბავშვთა ექსპლუატაციის საქმეზე $375 მილიონის გადახდა დააკისრა

meta

ნიუ-მექსიკოს სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა გამოავლინეს, რომ Meta Platforms შტატის კანონმდებლობას არღვევდა, რისთვისაც კომპანიას სამოქალაქო ჯარიმის სახით $375 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს.

საქმე ეხება შტატის გენერალური პროკურორის სარჩელს, რომელიც კომპანიას Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის უსაფრთხოების კუთხით მომხმარებლების შეცდომაში შეყვანასა და ამ პლატფორმებზე ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებდა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნაფიცმა მსაჯულებმა Meta-ს წინააღმდეგ მსგავსი შინაარსის სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღეს. კომპანია ამჟამად უამრავი სარჩელის წინაშე დგას იმის გამო, თუ როგორ მოქმედებს მისი პლატფორმები ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

"ჩვენ პატივისცემით, მაგრამ არ ვეთანხმებით განაჩენს და მას გავასაჩივრებთ. ბევრს ვმუშაობთ, რათა ჩვენს პლატფორმებზე ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ და ღიად ვსაუბრობთ ბოროტმოქმედთა თუ მავნე კონტენტის იდენტიფიცირებასა და წაშლასთან დაკავშირებულ სირთულეებზე", - ნათქვამია Meta-ს წარმომადგენლის განცხადებაში.

ნიუ-მექსიკოს გენერალურმა პროკურორმა, დემოკრატმა რაულ ტორესმა, განცხადებაში ამ განაჩენს უწოდა "ისტორიული გამარჯვება ყველა იმ ბავშვისა და ოჯახისთვის, ვინც საზღაური გადაიხადა Meta-ს არჩევანის გამო, რომელმაც მოგება ბავშვების უსაფრთხოებაზე წინ დააყენა".

მაისში დაგეგმილ სასამართლო პროცესის მეორე ეტაპზე, ტორესის განცხადებით, მისი უწყება სასამართლოს სთხოვს, დაავალოს Meta-ს პლატფორმებზე ცვლილებების შეტანა ბავშვების დასაცავად და დამატებითი ფინანსური სანქციების დაკისრება.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, Meta-ს აქციების ფასი 0.8%-ით გაიზარდა. შტატი ნაფიცი მსაჯულებისგან ზიანის ასანაზღაურებლად 2 მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვდა.

საქმე ისაა, რომ პროკურორი კომპანიას ადანაშაულებდა იმაში, რომ მან კრიმინალებს არასრულწლოვან მომხმარებლებთან შეუფერხებელი წვდომის საშუალება მისცა, რაც ხშირად რეალურ სამყაროში ძალადობითა და ტრეფიკინგით სრულდებოდა.

Meta ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ ახალგაზრდა მომხმარებლების დასაცავად ფართო უსაფრთხოების მექანიზმები აქვს დანერგილი.

ბოლო წლებში Meta ბავშვთა და მოზარდთა უსაფრთხოების საკითხების გამო სულ უფრო მკაცრი კონტროლის ქვეშ ექცევა. ეს ნაწილობრივ განპირობებულია 2021 წელს კონგრესის წინაშე ინფორმატორის მიერ მიცემული ჩვენებით, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ იცოდა, რომ მისი პროდუქტები შესაძლოა საზიანო ყოფილიყო, მაგრამ მოქმედებაზე უარს ამბობდა.

ნიუ-მექსიკოს სარჩელი წარმოიშვა ფარული ოპერაციიდან, რომელიც ტორესმა (ყოფილმა პროკურორმა) და მისმა უწყებამ 2023 წელს ჩაატარეს. საქმის ფარგლებში, გამომძიებლებმა შექმნეს ანგარიშები Facebook-სა და Instagram-ზე და თავი 14 წლამდე ასაკის მომხმარებლებად გაასაღეს. ტორესის უწყების ცნობით, ამ ანგარიშებმა მიიღეს სექსუალური ხასიათის მასალები და მათ დაუკავშირდნენ ზრდასრულები, რომლებიც მსგავს კონტენტს ითხოვდნენ, რასაც რამდენიმე პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოჰყვა.

შტატი ამტკიცებს, რომ Meta საზოგადოებას ეუბნებოდა, თითქოს Instagram-ი, Facebook-ი და WhatsApp-ი უსაფრთხო იყო ნიუ-მექსიკოს მოზარდებისა და ბავშვებისთვის, პარალელურად კი მალავდა სიმართლეს იმის შესახებ, თუ რა მოცულობის სახიფათო და მავნე კონტენტი იყო განთავსებული პლატფორმებზე. შტატის თქმით, კომპანიის შიდა დოკუმენტები ადასტურებდა სექსუალური ექსპლუატაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაზიანების პრობლემებს. მიუხედავად ამისა, შტატის მტკიცებით, კომპანიამ არ დანერგა უსაფრთხოების ბაზისური ინსტრუმენტები (მაგალითად, ასაკის ვერიფიკაცია) და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ პლატფორმები უსაფრთხო იყო.

ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ Meta-მ დაარღვია შტატის მომხმარებელთა დაცვის კანონი იმით, რომ შეგნებულად ეწეოდა არაკეთილსინდისიერ ან მატყუარა კომერციულ პრაქტიკას. მსაჯულებმა კომპანიისგან 75 000 დარღვევა გამოავლინეს და თითოეულ დარღვევაზე 5 000 დოლარის ჯარიმა დაადგინეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები