თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი მესაკუთრეების, ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ქვეყნის მესამე ყველაზე პოპულარული არხი კვლავ მის მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს დარჩა.
რუსთავი 2-ის 60%-იანი საკონტროლო პაკეტის დაბრუნებაზე დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ სარჩელი ორი წლის წინ შეიტანეს. 2019 წლის ოქტომბერში სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე ტელევიზიის წილების დაყადაღების გადაწყვეტილებაც მიიღო.
დღეს კი მოსამართლე გოჩა დიდავას გადაწყვეტილებით, ყადაღა მოეხსნა "რუსთვი-2 ს". ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილებით, "რუსთავი2-ს" ქონების გაყიდვის უფლება მიეცა.
2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეად "რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გახდა. ხალვაში ტელეკომპანიის 60%-იან წილს პირდაპირ, 40%-იან წილს კი შპს "პანორამას" მეშვეობით ფლობს.
2021 წლის მარტში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა და “პრაიმ-ტაიმმა” ერთობლივი ჰოლდინგის დაფუძნების შესახებ გააკეთეს განცხადება. ბიზნესრეესტრის თანახმად, მხარეებმა სააქციო საზოგადოება "მედია ჰოლდინგი" შექმნეს, რომელმაც კომუნიკაციების კომისიისგან ქვეყანაში ციფრული სახით საერთო და სპეციალიზურებული ტელემაუწყებლობის ავტორიზაცია მიიღო. "რუსთავი 2" ამჟამად სწორედ "მედია ჰოლდინგის" ავტორიზაციით მაუწყებლობს.
კომუნიკაციების კომისიის იურიდიული რეესტრის თანახმად, სს “მედია ჰოლდინგის” 90%-იან წილს - “პრაიმ-ტაიმი”, 10%-იან წილს კი “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” ფლობს.
თავად "რუსთავი 2-მა" ოქტომბერში ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა. დოკუმენტის მიხედვით, ტელევიზია მრავალმილიონიან ზარალზეა. 2020 წელს ტელევიზიის საოპერაციო და არასაოპერაციო შემოსავალმა 15.4 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა ეს თანხა ტელევიზიის ხარჯების დასაფინანსებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და არხმა 42.5 მილიონი ლარის ზარალი განიცადა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, პანდემიის და რეიტინგის შემცირების შედეგად, ტელევიზიის შემოსავალი 2019 წელს არსებული 23.6 მილიონი ლარიდან 15.4 მილიონამდე შემცირდა. თუმცა, არხი ზარალზე 2019 წელსაც იყო, რაც 25.3 მილიონ ლარს შეადგენდა, მაგრამ 2020 წელს შემოსავლების კლების გამო, ზარალი 42.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა.