მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს "ტელეიმედმა" ₾67 მილიონით იზარალა - არხის ზარალი სესხებით დაიფარა

ტვ იმედი

ტელეკომპანია "იმედმა" 2024 წელს 67 მილიონი ლარის ზარალი განიცადა - ამის შესახებ არხის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, ზარალი სხვა წლების მსგავსად, მრავალმილიონიანი სესხებით დაიფარა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, "ტელეიმედის" სარეკლამო შემოსავლები 2024 წელს 39 მილიონ ლარამდე გაიზარდა (მატება 8 მლნ ლარი), თუმცა ეს ზრდა ხარჯების დაფარვისთვის არასაკმარისი იყო, რის გამოც "ტელეიმედმა" 2024 წელი ზარალით დაასრულა. უფრო დეტალურად, "ტელეკომპანიის" მიერ გასულ წელს გაწეული ხარჯები ასე ნაწილდება:

880 დასაქმებულის ანაზღაურებები - 41.2 მილიონი ლარი;

ფინანსური ხარჯები (სესხების მომსახურება) - 23.6 მილიონი ლარი;

ცვეთა და ამორტიზაცია - 9.8 მილიონი ლარი;

გადაცემების წარმოების; იჯარის, მივლინებების და სხვა ხარჯები - 18.9 მილიონი ლარი;

სხვა ხარჯები - 12.5 მილიონი ლარი.

შედარებისთვის, 2023 წელს "ტელეიმედის" ზარალი უფრო მცირე იყო და 51 მილიონ ლარს შეადგენდა, 2022 წელს კი არხის ზარალი 15 მილიონი ლარი იყო; 2021 წელს ზარალი 22 მილიონი ლარი იყო; 2020 წელს ზარალი 74 მილიონ ლარს შეადგენდა; 2019 წელს კი 51.2 მილიონი ლარი. შესაბამისად, ტელეკომპანია "იმედი" წლიდან წლამდე ზარალზე ოპერირებს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, არხს გამუდმებით ზარალზე ოპერირების შედეგად, აქვს 454 მილიონი ლარის დაგროვილი ზარალი. არხი უწყვეტი ოპერირებისთვის მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასესხო დაფინანსებაზე, რასაც მასზე დამფუძნებლებთან დაკავშირებული პირები გასცემენ. მთლიანობაში ტელევიზიის ვალდებულებები 459 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 382 მილიონი ლარი გრძელვადიანი კრედიტებია. ამასთან, 2024 წელს ტელეკომპანიის გრძელვადიანი საკრედიტო ვალდებულებები 59 მილიონი ლარით გაიზარდა.

100%-იანი წილის მფლობელი არის შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“. 2023 და 2022 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით შპს ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპ-ის 100%-იანი მფლობელი არის Media Finance Group B.V., რომლის ბენეფიციარი თანაბარი მესაკუთრეა ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე და მისი პარტნიორები ბენჯამენ მარსონი და იგორ ალექსეევი.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, "ტელეიმედის" სესხების უდიდესი ნაწილი სწორედ დაკავშირებული მხარისგან მიღებული კრედიტებია. კერძოდ, მფლობელებთან დაკავშირებული პირების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობაა 337 მილიონი ლარი, ქართული საფინანსო ინსტიტუტების მიერ არხზე გაცემული სესხების ნაშთი კი 53.6 მილიონი ლარია.

"სესხები მიღებულია დაკავშირებული მხარეებისგან წლიური საპროცენტო განაკვეთით 8-11%, ხოლო ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებულია სესხები წლიური საპროცენტო განაკვეთით 9-12%,"- ნათქვამია "ტელეიმედის" ფინანსურ ანგარიშში.

"2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიას აქვს დაგროვილი ზარალი 454 108 745 ლარის ოდენობით, ამასთან ერთად 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის მიმდინარე ვალდებულებები აღემატება კომპანიის მიმდინარე აქტივებს 63 664 993 ლარით. ამ მოვლენებსა და გარემოებებს შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს კომპანიის უნარი, ოპერირება გააგრძელოს როგორც ფუნქციონირებადმა საწარმომ,"- მითითებულია ფინანსურ ანგარიშში.

მიმდინარე კვირაში ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა "რუსთავი 2"-ის მფლობელმა "მედია ჰოლდინგმაც", რომლის მიხედვითაც გასულ წელს ტელევიზიის სარეკლამო შემოსავალი 0.4 მილიონი ლარით 13.9 მილიონ ლარამდე შემცირდა, ზარალი კი 10 მილიონი ლარით, 41 მილიონ ლარამდე გაიზარდა. არხის მიერ წლების განმავლობაში ზარალზე ოპერირებით დაგროვილი ჯამური ზარალი კი 114 მილიონი ლარია.

ჯერჯერობით სხვა მსხვილ ტელემაუწყებლებს 2024 წლის ფინანსური ანგარიშები გამოქვეყნებული არ აქვთ, თუმცა 2023 წლის შედეგებით ქვეყანაში მოქმედი ფაქტობრივად ყველა მსხვილი ტელევიზია ზარალზე იყო და მათი ჯამური ზარალი აღნიშნული წლისთვის 145 მილიონ ლარს შეადგენდა.

ამ მაჩვენებლით, ტელევიზიების ბაზარი ქვეყანაში ფაქტობრივად ერთადერთი ბაზარია, რომლის ყველა ძირითადი მოთამაშეც წლიდან წლამდე ზარალზე გადის და გამუდმებით საჭიროებს ბანკების თუ დამფუძნებლების მხრიდან სასესხო დაფინანსების გამოყოფას.

ტელევიზიებმა 2023 წელს რეკორდული ₾145 მილიონით იზარალეს - მედია ბიზნესის შემოსავლებისა და ზარალის რეიტინგი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები