თბილისის საქალაქო სასამართლომ „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელს გივი წულეისკირსა და „სფერო ინვესტის“ დირექტორს გიორგი მურუსიძეს პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე დავით კურტანიძემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელიც ორივე პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
პროკურორმა ნინო კეპულაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ გიორგი მურუსიძე უკვე იმყოფება მიმალვაში, ხოლო გივი წულეისკირის მიმართაც არსებობს ანალოგიური საფრთხე, თუ მას პატიმრობა არ შეეფარდება.
დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების ალტერნატივად 50 000 ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა და წარადგინა გივი წულეისკირის სამედიცინო დოკუმენტაცია („ფორმა 100“), რომლის თანახმადაც ბრალდებული ვერ იტანს დახურულ სივრცეს.
პროკურატურის ინფორმაციით, გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 244 მოქალაქეს, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინეს დიდი ოდენობის თანხები. თავად კი, არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.




























