მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ შესყიდვების სააგენტოსგან "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" შავი სიიდან ამოღება მოითხოვა

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ივნისს მიღებული განჩინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" შესყიდვების შავი სიიდან ამოღება მოსთხოვა.

საქმე ეხება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 5 ივნისის გადაწყვეტილებას, რომელიც "საქაერონავიგაციის" მიმართვის საფუძველზე "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" შავ სიაში შეყვანას ეხებოდა.

"საქაერონავიგაცია" დავობდა, რომ მათ მიერ 2024 წლის 2 თებერვალს სადაზღვევო მომსახურების შეძენის 523 ათას ლარიან ტენდერში "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ" არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია წარადგინა გადაზღვევის მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორების შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე 2024 წლის 18 მარტს "საქაერონავიგაციამ" ტენდერიდან "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" დისკვალიფიკაცია მოახდინა, რის შემდეგაც კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს მიმართა სადაზღვევო კომპანიის შავ სიაში შეყვანის განცხადებით. აღნიშნული პოზიცია 2024 წლის 5 ივნისს გაიზიარა შესყიდვების სააგენტომ და "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" სიაში დაამატა.

თუმცა, გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ", სადაც კომპანია მიუთითებდა:

"შუამდგომლობის თანახმად, არსებობს დასაბუთებული ეჭვი იმის თაობაზე, რომ უკანონოა როგორც ოქმი, ისე მის საფუძველზე გამოცემული შავ სიაში შეყვანა. აქტის შეუჩერებლობა და მოსარჩელის შავ სიაში რეგისტრირებულად დატოვება უპირობოდ გამოიწვევს მოსარჩელე მხარისათვის არსებითად გამოუსწორებელ ზიანს, რამაც სასამართლო დავის დასრულებამდე შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს ზოგადად მოსარჩელის კონკურენტუნარიანი ბიზნესსუბიექტის არსებობა. დავის დასრულებამდე აქტის შეუჩერებლობით მოხდება მისი ყველაზე მძიმე სამართლებრივი შედეგის დადგომა, კერძოდ სამომავლო დავის დაკმაყოფილების პირობებშიც კი მოსარჩელე ვერ შეძლებს ამ პერიოდში დამდგარი ზარალის ანაზღაურებას და მიღებულ გადაწყვეტილებას ვერ ექნება იმგვარი უკუძალა, რომ მოსარჩელემ მიიღოს მონაწილეობა იმ ტენდერებში, რომელშიც მონაწილეობას სადავო აქტის გამო ვერ შეძლებს,"- ნათქვამია სასამართლო დოკუმენტაციაში.

მოსამართლე მიუთითებს, რომ იქამდე, სანამ სარჩელის განხილვა დასრულდება, უნდა შეჩერდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 5 ივნისის გადაწყვეტილება და "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" ამოღებულ უნდა იქნეს შავი სიიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები