ზამბიის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ედგარ ლუნგუს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. ზამბიის უმაღლესი პოლიტიკური წოდებისთვის ლუნგუ იმიტომ ვეღარ იბრძოლებს, რომ წარსულში ქვეყნის მთავარსარდლის როლი უკვე ორჯერ მოირგო, ხოლო მესამედ გაპრეზიდენტება, სასამართლოს განმარტებით, ზამბიას კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. რეალურად, ეს შეზღუდვა დემოკრატიული სახელმწიფოების უდიდეს ნაწილში მოქმედებს.
ზამბიის მთავარი პროკურორის, მულილო კაბეშას განცხადებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით საარჩევნო პროცესში სიცხადე შემოვიდა, რადგან ედგარ ლუნგუ ამტკიცებდა, რომ მოსახლეობას ქვეყნის პრეზიდენტად მისი არჩევა მესამედაც შეეძლო. ზამბიის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, პირველი საპრეზიდენტო მანდატი, რომელიც მას იმჟამინდელი პრეზიდენტის, მაიკლ სატას გარდაცვალების შემდეგ ერგო, ხანმოკლე, ანუ არასრული გამოდგა.
ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, ედგარ ლუნგუმ ძალაუფლება მეორე ვადითაც შეინარჩუნა, მაგრამ 2021 წელს ჰაკაინდე ჰიჩილემას წინააღმდეგ დამარცხდა. მას შემდეგ, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრების წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით არაერთი საქმე აღიძრა. ედგარ ლუნგუ და მისი ოჯახი ბრალდებებს უარყოფენ.