მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად "ბრიტანულ-ქართული აკადემია" აკრედიტაციის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღარ დგას

კლიპარტი
13.06.24 19:02
4600

მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ (BGA) დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება დააკმაყოფილა, ინვესტორმა და კომპანიის 70%-ის მფლობელმა სს „საქართველოს კაპიტალმა“ ვეღარ შეძლო დირექტორის თანამდებობიდან მისი გადაყენება და ამით სკოლის საერთაშორისო აკრედიტაციის დაკარგვის რისკის ქვეშ დაყენება. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ „სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შპს „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ პარტნიორთა კრებას მიკუთვნებულ საკითხებზე პარტნიორებმა გადაწყვეტილება მიიღონ ურთიერთშეთანხმებით“.

BIST შეუერთდა ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭოს (COBIS) 2015 წელს, რომელიც ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა ბრიტანული საერთაშორისო სკოლებისთვის მთელ მსოფლიოში. 2019 წელს, COBIS-ის აკრედიტატორების ვიზიტის შემდეგ, BIST-ს მიენიჭა COBIS-ის აკრედიტაცია. 2023 წელს BIST-მა წარმატებით გაიარა ხელახალი აკრედიტაცია და სამაგალითოდ იქნა აღიარებული სკოლის მართვის კომპონენტში. ასევე 2023 წელს BGA-მ მოიპოვა COBIS-ის საერთაშორისო ოჯახის ოფიციალური წევრის სტატუსი.

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ აკადემიური დირექტორი სტივენ პრისტი აცხადებს, რომ COBIS-ის წევრობა გლობალურ დონეზე განათლების მაღალი ხარისხის სტანდარტის მაჩვენებელია. COBIS ჩვენს სკოლებს სთავაზობს მნიშვნელოვან მხარდაჭერას, მათ შორის კონტაქტებს, კონსულტაციებსა და მარკეტინგულ შესაძლებლობებს. COBIS-ის წევრობა სკოლებისთვის ხელმისაწვდომს ხდის პერსონალის პროფესიული განვითარების ფართო შესაძლებლობებს, როგორებიცაა კონფერენციები, ვებინარები და სემინარები, რაც ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და სწავლას. გარდა ამისა, COBIS-ის წევრობა ჩვენი მოსწავლეებისთვის მრავალფეროვან ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობებს იძლევა.

ამ ყველაფრის დაკარგვა სკოლისთვის სავსებით რეალური გახდებოდა იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის წილის 70%-ის მფლობელი ინვესტორი სს „საქართველოს კაპიტალი“ (რომელსაც 5 წლის განმავლობაში ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებები საერთოდ არ შეუსრულებია) შეძლებდა სკოლის მოქმედი დირექტორის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნას.

COBIS-ის წევრობის დაკარგვა სკოლას ართმევს წვდომას COBIS-ის წევრებისთვის განკუთვნილ მნიშვნელოვან სერვისებსა და კონსულტაციებზე. COBIS-ის გარეშე სკოლას აღარ ეყოლება ერთგვარი დამცველი გლობალურ არენაზე. გარდა ამისა, სკოლა ვერ შეძლებს საჭირო რაოდენობის სათანადოდ კვალიფიციური და გამოცდილი მასწავლებლების მოზიდვას იმ სანდოობის გარეშე, რომელსაც COBIS-ის წევრობა უზრუნველყოფს. მეტიც, რთული იქნება ამჟამინდელი და მომავალი მშობლებისთვის იმის დემონსტრირება, რომ სკოლა იცავს COBIS-ის სტანდარტებს აკადემიურ და ბავშვზე ზრუნვის საკითხებში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელმა პარტნიორმა და დირექტორმა ნათია ჯანაშიამ სასამართლოს მიმართა საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გასვლისა და 70%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ნათია ჯანაშია ინვესტორის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს – მან არ განახორციელა ინვესტირება სკოლის ორი ახალი კამპუსის მშენებლობაში.

ცნობისთვის, 2019 წლის 30 მაისს დადებული ხელშეკრულებით შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორი ნათია ჯანაშია და სს „საქართველოს კაპიტალი“ შეთანხმდნენ კომპანიის წილის 70%-ის ნასყიდობაზე, ხოლო სანაცვლოდ სააქციო საზოგადოებას, მხარეებს შორის 2019 წლის 6 მაისს დადებული მემორანდუმის თანახმად, ინვესტიციები უნდა ჩაედო ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის ორი ახალი კამპუსის მშენებლობაში ლისზე და ოქროყანაში. ორივე კამპუსი, ჯამში, 2 600 მოსწავლეზე უნდა ყოფილიყო გათვლილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები