ევროპის სამმა წამყვანმა ფინანსურმა ორგანიზაციამ - Deutsche Bank-მა, Commerzbank-მა და UniCredit-მა ლონდონის სასამართლოსგან მოიპოვეს განკარგულება, რომელიც რუსული Gazprom-ის შვილობილ RusKhimAlyans-ს მათთვის რუსულ სასამართლოში ჩივილის უფლებას უკრძალავს. საქმე გაზის მომპოვებელ გერმანულ კომპანია Linde-ს უკავშირდება, რომელმაც გასულ წელს, სანქციების გამო, ბალტიის ზღვაში მდებარე საპორტო ქალაქ უსტ-ლუგაში თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება შეწყვიტა. ბანკები ამ კომპანიის ფინანსურ გარანტორებად ითვლებოდნენ, რის გამოც, Gazprom-ის შვილობილი მათ, კუმულაციურად, $30 მილიონზე მეტს ედავება.
როგორც ბანკების იურიდიულ დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, საგარანტიო თანხის გადახდა მათ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო ვერ მოახერხეს. ახლა კი, ინგლისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, RusKhimAlyans-ი ამ კომპანიებს რუსეთის ფედერაციის სამართლებრივი სისტემის გავლით ვერ უჩივლებს. როგორც ირკვევა, Deutsche Bank-მა ეს უფლება 7 სექტემბერს მოიპოვა, რადგან სასამართლომ დაადგინა რომ სარჩელი, რომელიც რუსულმა კომპანიამ შეიტანა, საარბიტრაჟო შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა. Commerzbank-ის ამბავი კი, 31 აგვისტოს დასრულდა. აღნიშნული სამართლებრივი პროცესის ფარგლებში, სასამართლოსგან მსგავსი გადაწყვეტილება იტალიურმა UniCredit-მაც მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულება, რომლის თანახმად Linde-ს რუსეთში LNG-ის ქარხანა უნდა აეშენებინა, ჯერ კიდევ 2021 წელს გაფორმდა და იმ დროს, გარანტორებად სწორედ სამი ზემოხსენებული ბანკი დასახელდა. თუმცა 2022 წლის მაისში, Linde-მ მუშაობა შეწყვიტა, რადგან თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროკავშირის სანქციებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ამ გადაწყვეტილების გამო, Gazprom-ის შვილობილმა RusKhimAlyans-მა თავად Linde-საც უჩივლა და გაიმარჯვა კიდეც, რადგან რუსულმა სასამართლომ Linde-ს $500 მილიონის ღირებულების აქტივები გაყინა.