ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Meta-ს აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 8%-ით შემცირდა, რამაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 120 მილიარდი დოლარით შეამცირა. ინვესტორების მხრიდან აქციების მასობრივი გაყიდვა აშშ-ში გამოტანილმა ორმა სასამართლო ვერდიქტმა გამოიწვია.
ლოს-ანჯელესის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ Meta და YouTube ახალგაზრდა მომხმარებლის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაზიანებაში დამნაშავედ ცნო. მოსარჩელის მტკიცებით, პლატფორმების დამოკიდებულება დეპრესიისა და შფოთვის გამომწვევი მიზეზი ხდება. პარალელურად, ნიუ-მექსიკოს სასამართლომ კომპანიას 375 მილიონი დოლარის ჯარიმა დააკისრა, რადგან მან მომხმარებლები პლატფორმის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანა.
აღნიშნული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია იმით, რომ მათ გვერდი აუარეს კომუნიკაციების სფეროში წესიერების შესახებ აქტის 230-ე მუხლს. ეს ფედერალური კანონი ტექნოლოგიურ კომპანიებს მომხმარებლების მიერ განთავსებულ კონტენტზე პასუხისმგებლობისგან იცავდა.
მოსარჩელეებმა ყურადღება არა შინაარსზე, არამედ თავად პლატფორმების მავნე დიზაინსა და ალგორითმებზე გაამახვილეს. შესაბამისად, მოსამართლეებმა ბრალდების მხარის არგუმენტები გაიზიარეს და ცუკერბერგის კომპანიას პასუხისმგებლობა დააკისრეს.
ბაზრის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს შემთხვევები მხოლოდ აისბერგის წვერია, რადგან ამჟამად აშშ-ის სასამართლოებში Meta-ს წინააღმდეგ 2,400-ზე მეტი ანალოგიური სარჩელი იმყოფება. ინვესტორებს კი აფრთხობთ ის პერსპექტივა, რომ კომპანიას მილიარდობით დოლარის კომპენსაციების გადახდა და ბიზნესმოდელის ფუნდამენტური შეცვლა მოუწევს.
ცხადია, Meta-ს ხელმძღვანელობა ვერდიქტების გასაჩივრებასა და საკუთარი პოზიციების დაცვას უზენაეს სასამართლოში გეგმავს.




























