სასაქონლო ბირჟებზე ძირითად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ფასების კლების ტენდენცია ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით, მნიშვნელოვნად შემცირდა შაქრის, კაკაოს, ხორბლისა და სიმინდის ღირებულება.
უფრო კონკრეტულად, ერთწლიან პერიოდში ხორბალი 7.5%-ით; სიმინდი 12%-ით; შაქარი 19%-ით; ხოლო კაკაო 62%-ით არის გაიაფებული.
ანალიტიკოსების განმარტებით, აღნიშნული კლება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის გლობალური მიწოდების ჯაჭვების დასტაბილურებითა და ცალკეულ მწარმოებელ ქვეყნებში მოსავლიანობის მოლოდინების გაუმჯობესებით.
კაკაოსა და შაქარზე ფასების კლება განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან გასული წლის განმავლობაში ამ პროდუქტებზე რეკორდულად მაღალი ფასები ფიქსირდებოდა, თუმცა ბაზარზე მიწოდების ზრდამ და მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნის კორექტირებამ ფასების შემცირებას შეუწყო ხელი.
რაც შეეხება ხორბალსა და სიმინდს, აქ ფასების ვარდნა დიდწილად დაკავშირებულია მსოფლიოს წამყვან ექსპორტიორ ქვეყნებში არსებულ ხელსაყრელ კლიმატურ პირობებთან, რამაც ბაზარზე პროდუქციის ჭარბი მიწოდება გააჩინა.
ექსპერტების პროგნოზით, თუკი გეოპოლიტიკური ვითარება სტაბილურობას შეინარჩუნებს, სასურსათო ნედლეულზე ფასების კლების ტენდენცია შეიძლება მომდევნო თვეებშიც გაგრძელდეს.




























