ევროპელი ვიზიტორების სიმცირის ფონზე, მთავრობა გათვლას აზიური ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვაზე აკეთებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ კამპანიებს ატარებს ჩინეთის, კორეის და ინდოეთის ბაზრებზე. 2025 წლის პირველ ნახევარში მხოლოდ ინდოეთიდან საქართველოში ტურისტების რიცხვი 31.4%-ით გაიზარდა, 42,3%-იანი ზრდაა ჩინეთიდან. ორივე აზიური ქვეყანა 2025 წლის 6 თვის მდგომარეობით იმ ტოპ 10 ქვეყანას შორისაა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა.
როგორც მასპინძლობის ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, ქვეყანაში არსებული ტურისტების კონტინგენტი ევროპელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტურისტებისგან რადიკალურად განსხვავდება. ისინი მოგზაურობის დროს გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ. რესტორან "მეგრული სახლის" დამფუძნებელი ამბობს, რომ სტუმრების ზრდის მიუხედავად, საშუალო ჩეკის მოცულობა იკლებს.
“ივლისში, აგვისტოს თვეში 30-40%-ით იკლებს ყოველთვის მუშაობა, რადგან ჩვენი ძირითადი მომხმარებლები ქართველები არიან და ისინი ამ დროს გადიან ქალაქიდან. ახლა არ გვქონია ასეთი პრობლემა, მაქსიმუმ 20%-იანი კლება იყო, მაგრამ ძალიან ბევრი აზიელი სტუმარია, ძალიან ცოტაა ევროპიდან. ჩვენს რესტორანს ყოველთვის ევროპელი სტუმრები სტუმრობდნენ, ტურისტულ კომპანიებთან ვთანამშრომლობდით, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ბევრი სხვა ქვეყანა, ახლა აღარ არიან, ყველა ის კომპანია, ვისაც ევროპიდან შემოჰყავდა ტურისტები, ახლა აზიიდან შემოჰყავს. ესაა კორეა, ჩინეთი, ინდოეთი… მე არ ვთანამშრომლობ მათთან, რადგან ძალიან სპეციფიკური ჯგუფებია, მაგრამ ხარისხი ტურისტის არ არის ისეთი, როგორიც იყო ადრე. ანუ ტურისტი, რომელიც ჩამოდის, რომელსაც აინტერესებს ჩვენი ქვეყანა, მისი ისტორია, გასტრონომია, ღვინო, ყველაფერი ის, რაც მნიშვნელოვანი გვაქვს ქვეყანაში და რითაც უნდა ვავითარებდეთ ტურიზმის სფეროს. ეს ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ. რაც შეეხება კვებას, აზიელ ტურისტებს ქართული გასტრონომია ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სტუმრების ხარჯვისუნარიანობით განსხვავდება კარდინალურად აზიურისგან. ისინი კარგად ხარჯავენ, მაგრამ ბევრნი არ არიან. აზიელი სტუმრები, ვინც მოდიან, ისინი ეკონომიურად ხარჯავენ.
აქამდე სტუმრების რაოდენობა იყო ნაკლები და საშუალო ჩეკი იყო მაღალი, ახლა სტუმრების რაოდენობა არის მეტი და საშუალო ჩეკი არის დაბალი. იმ დონემდეც ვერ მიდის საშუალო ჩეკის ფასი, რაც იყო პანდემიამდე",- აცხადებს ეკატერინა ჯალაღონია bmg-სთან.




























