საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) მთავარი ეკონომისტი ვალერი კვარაცხელია ამბობს, რომ საშუალო ხელფასი ნომინალშიც და რეალურადაც მზარდია, თუმცა საბოლოოდ ეს თანხა მაინც დაბალია.
საქსტატის ინფორმაციით, II კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 207 ლარით 2212 ლარამდე არის გაზრდილი. ასევე უნდა აღნიშნოს, რომ ეს თანხა გადასახადების ჩათვლით არის, რაც ნიშნავს, რომ მე-2 კვარტალში საშუალო ხელფასი რეალურად უფრო ნაკლები 1770 ლარი იყო.
საშუალო ნომინალური ხელფასი ბოლო ხუთ წელში:
- 2024 წელი - 2059 ლარი;
- 2023 წელი - 1767 ლარი;
- 2022 წელი - 1543 ლარი;
- 2021 წელი - 1304 ლარი;
- 2020 წელი - 1191 ლარი;
“დროში შედარებისას სადაც ნომინალურ მაჩვენებელს ვიყენებთ ყველგან არასწორია. ნომინალური მაჩვენებელი არ არის არსად ის, რასაც უნდა დავეყრდნოთ. არც ხელფასის და არც მთლიანი შიდა პროდუქტის შემთხვევაში. ადამიანისთვის თუ ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია რა შემოსავალს ვიღებთ და რა მსყიდველუნარიანობა გააჩნია ამ თანხას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია შევხედოთ არა მხოლოდ შემოსავლის, არამედ ხარჯების ზრდასაც. ოღონდ ხარჯების ზრდას გამოწვეულს ფულის მსყიდველუნარიანობის დაკარგვით, ანუ მარტივად რომ ვთქვათ ინფლაციით. შესაბამისად, იმ პერიოდში რაშიც ნომინალურ ზრდას ვუყურებთ უნდა შევხედოთ ფასების დონის ზრდასაც.
როდესაც ვიღებთ ნომინალურ მაჩვენებელს, თითქმის ყოველთვის, გარდა იმ გამონაკლის შემთხვევებისა, როცა დეფლაცია არის და ასეთი სულ ერთი თუ ორი წელი იყო, ნომინალური მაჩვენებელი ყოველთვის გადაჭარბებულია და რეალობა უფრო ნაკლებად მიმზიდველია. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ზრდა არის. ვერ ვიტყვით, რომ რაღაც ეკონომიკურ სასწაულს აქვს ადგილი, მაგრამ რიგითი მოქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა მაინც უმჯობესდებოდა ამ რეალური მაჩვენებლების გათვალისწინებითაც. თუმცა არა იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ნომინალური მაჩვენებელი გვიჩვენებს", - ამბობს კვარაცხელია.




























